საქართველოში საწვავი შესაძლოა კიდევ გაძვირდეს 

11 მარტი 2022, 11:55 1696 ნახვა

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საქართველოში საწვავი დაახლოებით 25 თეთრით გაძვირდა. ფასი გაიზარდა ყველა კატეგორიის საწვავზე. მძღოლები შიშობენ, რომ ავტომობილების შენახვას ვეღარ შეძლებენ. მოსახლეობა ფიქრობს, რომ თუ ტენდენცია ასე გაგრძელდება მგზავრობის ფასიც მოიმატებს.

ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასზე რამდენიმე თეთრით სხვაობაა. ევრო რეგულარის ფასი - 3,55 ლარია. ევრო დიზელი - 3,65, ხოლო ''ეკო სუპერი'' - 3,72 ღირს. 

ეკონომისტთა ნაწილი ვარაუდობს, რომ ფასის ზრდის ტენდენცია გაგრძელდება 4,5 ლარამდე.

"მოკლევადიან პერიოდში საწვავის ფასი გადაცდება 4 ლარს და ეს ტურბულენტობა იქნება მაისის ბოლომდე. არსებული ინფორმაციის ანალიზით. მაისიდან ნავთობის მოპოვების სიხშირის ზრდის შედეგად ზაფხულში ბარელის სავაჭრო ფასი დარეგულირდება 50-60 დოლარის ფარგლებში. თუ სახელმწიფომ მომდევნო 6 თვის პერიოდში დაიჭირა ინფლაცია და დოლარის კურსი დაასტაბილურა 2.5 ლარზე საწვავის ფასი იქნება 1 ლიტრი საშუალოდ 2 ლარი" - აცხადებს ეკონომისტი ოთო აბესაძე.

ქვეყანაში საწვავზე ფასების ცვლილებაზე სამი ძირითადი ფაქტორი მოქმედებს: საერთაშორისო ფასები, აქციზის გადასახადი და ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი.

ექსპერტების თქმით, წელს სიტუაციას ართულებს უკრაინაში მიმდინარე ომი და რუსეთის ნავთობზე ''უარის თქმის პოლიტიკაც''. 

''ნავთობის ფასის მატება საერთაშორისო ფასების მატებასთან არის დაკავშირებული. ვხედავთ, რომ რუსეთის ნავთობზე ასე ვთქვათ, გარკვეული ქვეყნები უარს ამბობენ, რამაც შიძლება დეფიციტი შექმნას ისევ და ისევ ევროპაში და ავტომატურად ჩვენზეც აისახება. საქართველოს რეალობაში ნავთობის ფასი ავტომატურად ლარის გაცვლით კურსზე არის მიბმული და აქედან გამომდინარე ერთმანეთთან ბევრი რამეა კავშირში, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია და ძალიან დიდად იქნება დამოკიდებული სახელმწიფოს ნაბიჯებზე და განსაკუთრებით ეროვნული ბანკის ნაბიჯებზე''- დათო კიკვაძე.

საქართველოში იმპორტირებული ბენზინის და დიზელის 19%-ზე მეტი რუსეთზე მოდის.

რაც შეეხება იმპორტიორი ქვეყნების ხუთეულს, ასე გამოიყურება:

თურქმენეთი - 304 193 ტონა (191,810 მლნ დოლარი)

 

აზერბაიჯანი - 228 491 ტონა (128,477 მლნ აშშ დოლარი)

 

რუსეთი - 224 705 ტონა (134,615 მლნ აშშ დოლარი)

 

რუმინეთი - 206 090 ტონა (133,792 მლნ აშშ დოლარი)

 

ბულგარეთი - 167 814 ტონა (113,993 მლნ აშშ დოლარი).

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე სამომავლოდ ნავთობის ფასებთან დაკავშირებით არაპროგნოზირებადი ვითარებაა და მოლოდინებიც პესიმისტურია.

ვანო მთვრალაშვილის თქმით, ბოლო პერიოდში საქართველოში საწვავზე ფასის ზრდას საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულების გაზრდა და ლარის გაუფასურება განაპირობებს. ამას ემატება აქციზის გადასახადი.

მისივე განმარტებით, საქართველოში პირველად დაფიქსირდა შემთხვევა, როცა არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურზე არსებული ფასი, ბრენდირებულზე მაღალია. 

''ფაქტობრივად არ დარჩა მსოფლიოში ქვეყანა, სადაც ნავთობის ფასის ნახტომისებური ზრდა არ ხდება.  მათ შორის ევროკავშირის ქვეყნები დგანან უდიდესი პრობლემის წინაშე, რასაც ქვია ფასების მატება. ეს ყველაფერი კი ომის გამო ხდება. იქედან გამომდინარე, რომ არავინ იცის, როდის დასრულდება ომი და რა გავლენა ექნება ენერგომატარებლების მიწოდებაზე, სურათი საკმაოდ ბუნდოვანი და პესიმისტურია.  ჩვენც მსოფლიოს ნაწილი ვართ, ქვეყანა , რომელიც თავიდან ბოლომდე იმპორტზეა დამოკიდებული.

ისტორიულად არასდროს არ ყოფილა, რომ საქართველოში საცალო ქსელში ფასი 5 თეთრზე მეტით მომატებულიყოს, ან ფასები დღეგამოშვებით გაზრდილიყოს. არასდროს არ ყოფილა, რომ არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში არსებული ფასი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე  ბრენდირებულში. 

ორი დღეა ნავთობზე ფასი იკლებს, მაგრამ რამდენად შენარჩუნდება ეს ვითარება არ ვიცით. შესაბამისად მოლოდინი არის, რომ რაღაც დოზით საწვავზე ფასის ზრდა გაგრძელდება'' - ამბობს ვანო მთვრალაშვილი.

რუსეთ-უკრაინის ომის გავლენა ნავთობის ფასზე - დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირმა განცხადებაც გაავრცელა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში