ომი უკრაინაში - დღე 19 

14 მარტი 2022, 12:57 1018 ნახვა

სოციალურ ქსელში რუსი ოკუპანტების მიერ დაკავებული მარიუპოლის კადრები ვრცელდება.  ვიდეომასალა  უკრაინის  ეროვნული გვარდიის   აზოვის ბატალიონმა ატვირთა.  

ქალაქში განლაგებულ  რუსულ სამხედრო ტექნიკას  ცეცხლს უშენენ და ანადგურებენ. მარიუპოლის  საქალაქო საბჭოს განცხადებით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მარიუპოლში 2 ათას 187 ადამიანი  დაიღუპა. 

ქალაქში  იწურება სურსათის მარაგი, არ არის სასმელი წყალი, ჰუმანიტარული დახმარების ავტოკოლონა რუსი ოკუპანტების ცეცხლის გამო ვერ ახერხებს მარიუპოლში შესვლას. 

უკრაინაში ომს ყოველდღიურად ათასობით ადამიანი გაურბის.  უკრაინა-მოლდოვის საზღვარზე  მინუს სამ გრადუსიან ყინვაში  მცირეწლოვანი ბავშვებით და ეტლებში მსხდომი მოხუცებით  ადამიანები საზღვრის გადაკვეთას  ზოგი ფეხით ზოგიც ავტომობილებით ცდილობს. 

მოლდოვამ უკრაინიდან უკვე 300 ათასი ადამიანი მიიღო, რომლებიც შემდეგ ევროკავშირის სხვა ქვეყნებში გადანაწილდნენ. მათგან   მხოლოდ 84 ათასი მოლდოვაში დარჩა. 

გაეროს მონაცემებით, 2 მილიონ ნახევარზე მეტი ლტოლვილი გაიქცა  უკრაინიდან  24 თებერვალს  რუსეთის შეჭრის შემდეგ. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა შორის 90 ბავშვია.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში