უკრაინის ელჩის მოვალეობის შესასრულებლად დაბრუნების შესახებ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საგარეო უწყებას - ანდრეი კასიანოვი

15 მარტი 2022, 16:08 948 ნახვა

უკრაინის დროებითი რწმუნებული საქართველოში  აცხადებს, რომ საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნების შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს დაუყოვნებლივ ეცნობება.

ანდრეი კასიანოვმა განმარტა, რომ კონსულტაციები შეიძლება სხვადასხვა ფორმატში ჩატარდეს.

„თქვენთვის ცნობილია, რომ უკრაინის ელჩი გაწვეული იყო პირველ მარტს კონსულტაციებზე. ელჩის საქართველოში დაბრუნების შესახებ თავისი მოვალეობის შესასრულებლად ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. თანამდებობრივ პირობებში, კონსულტაციები შეიძლება, ჩატარდეს სხვადასხვა ფორმატში. როგორც იცით, უკრაინაში სამი კვირაა, საომარი მდგომარეობაა და საქართველოში უკრაინის საელჩო აგრძელებს მუშაობას ომის პირობებში. ომის პირობებში დიპლომატია ასევე შორდება კლასიკურობას. ვერ გაგიმხელთ დიპლომატიური მუშაობის თავისებურებებს, მათ შორის, ომის დროს ელჩის მოღვაწეობას.

ასევე, მინდა ყურადღება მივაქციო შემდეგ საკითხზე – მიუღებლად მიგვაჩნია გუშინდელი მომხდარი შემთხვევა, როდესაც გადამღები ჯგუფი უმარკო მანქანით, ლოგოს გარეშე, პაპარაცულ სტილში ელოდა ელჩის მეუღლის გამოჩენას, როდესაც ის ბრუნდებოდა რეზიდენციაში და ამ დროს ჟურნალისტმა სცადა მისთვის კითხვების დასმა. მადლობელი ვართ რედაქტორების იმისთვის, რომ არ გაუშვეს ეს კადრები. ჩვენ მაქსიმალურად გახსნილი ვართ საუბრისთვის. გთხოვთ, მიმართოთ ჩვენ პრესსამსახურს და ვეცდებით, მაქსიმალურად სწრაფად და მაქსიმალურად სრულყოფილად, რამდენადაც შესაძლებელია, ომის ვითარებაში ყველა მიმართვაზე გიპასუხოთ“, – განაცხადა კასიანოვმა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში