ქობულეთში "ალტ ინფოს" ოფისს სხვადასხვა შინაარსის ტრანსფარატები და უკრაინის დროშა მიაკრეს

16 მარტი 2022, 10:16 1358 ნახვა

გუშინ, გვიან საღამოს, "ალტ ინფოს", "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან, ქობულეთელი ახალგაზრდები და სამოქალაქო აქტივისტები მივიდნენ.

მათ  ოფისის შესასვლელ კარებსა და მინებზე უკრაინის დროშა, "War is Over", "თქვენ გვთავაზობთ " დრუჟბას", ჩვენ გთავაზობთ Дружба-ს" შინაარსის ტრანსპარანტები მიაკრეს.

მათი განცხადებით, ამ ფორმით პროტესტი გამოხატეს რუსეთთან მოკავშირე პარტიის მისამართით, რომელმაც  ოფისი ქობულეთში, აღმაშენებლის გამზირზე გახსნა. მოგვიანებით ოფისის მეპატრონემ მინებზე მიკრული პლაკატები ჩამოხია.

,,კონსერვატიული მოძრაობის" ქობულეთის ოფისის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გუშინ, გვიან ღამით, ოფისს კვერცხები დაუშინეს და პლაკატები გააკრეს. მისივე თქმით, ეს არის ვიწრო ლიბერალური დაჯგუფება.

"მათ არ სურთ დაჯდომა და ცივილურად საუბარი, ჩვენ არ ვართ ,,პრორუსული'' პარტია, ჩვენი პარტია  ,,პროქართულია''. გუშინ რაც მოხდა ამ ფაქტს გამართლება არ აქვს."- განაცხადა ილია ბენიძემ.

სამოქალაქო აქტივისტი ნიკა რომანაძე ამბობს, რომ მათ მხოლოდ ბანერები გააკრეს ოფისზე და ამ ფორმით დაგმეს "ალტ ინფოს" ოფისის გახსნა ქობულეთში.

"ეს იყო მხოლოდ მშვიდობიანი პროტესტი. ჩვენ ოფისისთვის კვერცხები არ დაგვიშენია და არც ბანერები ჩამოგვიხევია. ესენი არიან მოძალადეთა პარტია, რომლებსაც ქვეყანაში არეულობა და დესტაბილიზაცია შემოაქვთ. ჩვენ არ მივცემთ მათ უფლებას აქ ოფისი გახსნან და იმუშაონ. მათთან საუბრის პრობლემა არ გვაქვს."-აცხადებს ნიკა რომანაძე.

აქტივისტები ამბობენ, რომ ისინი აქციებს მშვდობიანი ფორმით  ყოველდღე გააგრძელებენ.

ოფისთან  საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში