"ბორჯღალოსნები" სატიტულო მატჩისთვის ემზადებიან

16 მარტი 2022, 14:57 1195 ნახვა

ბორჯღალოსნები 2022 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნითი მატჩისთვის ემზადებიან.

20 მარტს, საქართველო არაოფიციალურ ფინალში ესპანეთს "დინამო არენაზე უმასპინძლებს. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება და გამარჯვებული გუნდი ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს.

ამ დროისთვის სატურნირო ცხრილს ესპანეთი 17 ქულით ლიდერობს, ბორჯღალოსნები კი მას ორი ქულით ჩამორჩებიან.

ბუქარესტში 26:23 გამარჯვების შემდეგ, საქართველო 2023 წლის საფრანგეთის მსოფლიო თასზე ევროპა 1-ის სტატუსით გავიდა და გ ჯგუფში უელსის, ავსტრალიის, ფიჯის და ფლეი ოფის გამარჯვებულთან ითამაშებს. 

მომავალი თამაშის წინ ბორჯღალოსანთა გაფართოებულ შემადგენლობაში ორი ცვლილებაა. ტრავმის გამო ესპანეთთან ვერ ითამაშებს თორნიკე ჯალაღონია, ხოლო ნიკა აფციაური "შავ ლომს" შეუერთდა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გასამართი ქარი ქაფისთვის ემზადება.

გუნდს დაუბრუნდა ბექა გორგაძე, რომელმაც რუმინეთთან ტრავმის გამო ვერ ითამაშა, ასევე ოთარ გიორგაძე, რომელსაც წინა შეხვედრა კოვიდის გამო გაუცდა.

საქართველოს ესპანეთთან აქამდე 22-ჯერ უთამაშია და მათგან 18-ში გამარჯვება იზეიმა, ერთი შეხვედრა ფრედ დაასრულა, 3 შემთხვევაში კი გამარჯვებული მეტოქე გახდა.

ყველაზე დიდი სხვაობით "ლომებს" საქართველოს ნაკრებმა 2011 წელს „მიხეილ მესხის" სტადიონზე 60:0 მოუგო.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის (და მისი წინამორბედი ერთა თასის) ისტორიაში საქართველომ ტიტულის მოგება ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ მოახერხა. ესპანეთი კი ჩემპიონი არასდროს არ გამხდარა.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში