ვილი სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ბათუმის "დინამო" სამი ფეხბურთელი გამოიძახა

16 მარტი 2022, 21:47 1274 ნახვა

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2022 წლის სადებიუტო მატჩებისთვის მოსამზადებელ ეტაპს იწყებს. ვილი სანიოლის გუნდი 25 და 29 მარტს საერთაშორისო ამხანაგურ თამაშებს გამართავს.

25 მარტს საქართველოს ნაკრები სტუმრად, ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. 29 მარტს ჩვენი გუნდი ქალაქ ტირანაში ალბანეთს შეხვდება.
21 მარტიდან საქართველოს ნაკრები წლის პირველი ამხანაგური მატჩისთვის ბოსნია-ჰერცეგოვინის დედაქალაქში, სარაევოში შეიკრიბება.

ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში 23 ფეხბურთელი გამოიძახა. მათ შორის ერთი დებიუტანტია, "დინამო თბილისის" 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.

ბათუმის "დინამოდან" ფრანგმა სპეციალისტმა 3 ფეხბურთელს: მეკარე ლაზარე კუპატაძეს, მცველი გრიგოლ ჩაბრაძეს და ნახევარმცველი ვლადიმერ მამუჩაშვილის უხმო.

ეროვნულ ნაკრებს ამხანაგურ მატჩებში ტრავმებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო რამდენიმე ფეხბურთელი ვერ დაეხმარება.

საქართველოს ნაკრები უახლოესი მატჩებისთვის 23 ფეხბურთელის შემადგენლობით მოემზადება. შემადგენლობის დასახელების პარალელურად, ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და ალბანეთთან მატჩების შესახებ ისაუბრა.

"ჩვენ ორივე მატჩს სტუმრად ვატარებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასა და ალბანეთთან. გასულ შემოდგომაზე ჩვენ ვნახეთ, რომ სტუმრად თამაში კარგად შეგვიძლია. გუნდში შეიმჩნევა პოზიტიური დინამიკა. ჩემი ამოცანაა, გუნდში ეს დინამიკა მარტიდან ივნისამდე შევინარჩუნო. იმედი მაქვს, რომ ყველა მოთამაშემ უკვე იცის, რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი მოედანზე. ეს პირველ რიგში დისციპლინაა. ბოლო რამდენიმე მატჩში გუნდმა საკმაოდ კარგი დისციპლინა გამოავლინა და იმედია ეს მომავალშიც ასე იქნება.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 25 მარტს თბილისის დროით 23:35 საათზე გასვლაზე ბოსნია-ჰერცეგოვინას ესტუმრება. 29-ში კი ისევ გასვლაზე ალბანეთის ნაკრებს 20:00 საათზე დაუპირისპირდება, - აცხადებს ვილი სანიოლი

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში