საქართველოს ჩემპიონატში წელს ვიდეო რეფერის სისტემა დაინერგება

17 მარტი 2022, 13:46 1123 ნახვა

დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე VAR-ის ხუთდღიანი სემინარი მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც ფიფას ინსტრუქტორი ქართველ არბიტრებს თეორიულ და ტექნიკურ გამოცდილებას უზიარებს.

სემინარის მიმდინარე და მომდევნო ეტაპების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართველი არბიტრები მსაჯის ვიდეო ასისტენტის ლიცენზიას მიიღებენ.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ფიფას ინსტრუქტორებთან და შესაბამის ორგანიზაციებთან ერთად, ქვეყანაში მსაჯის ვიდეო ასისტენტის დანერგვაზე გასული წლიდან მუშაობს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანის დავით მუჯირის განცხადებით პროექტის ფარგლებში ვიდეორეფერის სისტემის დანერგვა მიმდინარე წლიდან იგეგმება.

"სფფ-ს მიზნად აქვს დასახული 2022 წლიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებზე დაინერგოს ვიდეორეფერი. რამდენიმე ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. 

შერჩეულია 18 მსაჯი, ვინც პირველ ეტაპზე მიიღებს ინფორმაციას, თუ როგორ უნდა იმოქმედოს მატჩებზე. სემინარი თეორიულ მეცადინეობას და ტექნიკურ განსწავლას დაეთმობა.
იმედი მაქვს, მალე გადაწყდება და მივიღებთ ლიცენზიას, რომელიც უფლებას მოგვცემს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მატჩებზე ვიდეორეფერი გამოვიყენოთ. სამომავლოდ, გვსურს, რომ კრისტალბეთ ეროვნული ლიგა სრულად იყოს მოცული და ეს პროცესიც უნდა დაჩქარდეს. ჩვენი მიზანია, 2023 წლიდან კრისტალბეთ ეროვნული ლიგის ყველა შეხვედრა ვიდეორეფერით წარიმართოს“. - ამბობს დავით მუჯირი.

საქართველოში მსაჯის ვიდეო ასისტენტის სისტემის დასანერგად შექმნილ სამუშაო ჯგუფს ფიფას ყოფილი არბიტრი, გიორგი ვადაჭკორია ხელმძღვანელოს. მასთან ერთად, პროექტში კიდევ ერთი ინსტრუქტორი, დავით ხარიტონაშვილია ჩართული.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში