ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ კედლებს ჩვენს შორის - ზელენსკი ბუნდესტაგს 

17 მარტი 2022, 13:57 1252 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა იმ ჰუმანიტარულ კრიზისზე, რაც უკრაინის ქალაქებშია შექმნილი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანელ პოლიტიკოსებსა და დეპუტატებს მოუწოდა, რომ უკრაინელებსა და ევროკავშირს შორის აღმართული წარმოსახვითი კედელი გერმანიის მთავრობამ ჩამოანგრიოს.

„უკრაინაში რუსული ბომბები ცვივა და მას ხალხი ეწირება. ხალხი იბრძვის, ყველა იბრძვის. ძვირფასო გერმანელებო, თქვენ შეგიძლიათ დახმარება, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი რამ არ ყოფილა ევროპაში. ესაა ახალი მსოფლიო ომის გარიჟრაჟი. ჩვენ გთხოვდით, რომ შეგეშვით ნატო-ში, მაგრამ გვითხარით, რომ ჯერ გადაწყვეტილება მაგიდაზე არ დევს. გააჭიანურეთ უკრაინის მიღება ევროკავშირში. ეს არის პოლიტიკა, მესმის, მაგრამ ახლა ომია და ნუ ვიფიქრებთ მხოლოდ ეკონომიკაზე, ნუ აღმართავთ ამ კედლებს ჩვენს შორის. რუსეთი არის ქვეყანა, რომელმაც ევროპაში ომის ხანა დააბრუნა.

 

ყველას არ ესმის, რა ხდება უკრაინაში, მარიუპოლში, – ქალაქში, რომელიც ალყაშია. ხალხი საკვების, ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. რუსი ჯარისკაცები ერთნაირად უსწორდებიან ჩვენ ჯარისკაცებსაც და მშვიდობიან მოქალაქეებს. გუშინ რუსებმა ააფეთქეს თეატრის შენობა, სადაც ასობით ადამიანი აფარებდა თავს, რამდენიმე დღის წინ კი სამშობიარო დაბომბეს. ეს ხდება ყოველ საათში. აი, ამისთვის მიადგნენ მარიუპოლს, რომ დახოცონ ხალხი და გადარჩენის შანსი არ დაუტოვონ.

ყველასთვის ცნობილი, მეორე მსოფლიო ომის დროს დატრიალებული ტრაგიკული მოვლენებიდან 80 წლის თავზე, როცა პოლიტიკოსები ამბობდნენ, რომ მსოფლიომ ეს აღარ უნდა დაუშვას, ვხედავთ საზარელ სურათს უკრაინაში, ვხედავთ, როგორ ანადგურებს ერთი ერი მეორე ერს. რატომ გაფართოვდა თავის დროზე ნატო აღმოსავლეთით?! იმისთვის, რომ დაეცვათ ევროპის და მსოფლიოს უსაფრთხოება რუსული აგრესიისგან, მაგრამ ახლა ჩვენ ინტერვენციის მსხვერპლი ვართ. მადლობა გერმანიის ყველა მოქალაქეს, ვინც ლოცულობს უკრაინელებისთვის. მადლობა გერმანულ კომპანიებს, რომელთაც მორალური ფასეულობები ფულზე მაღლა დააყენეს. მადლობა მათ, ვისაც ესმის, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი უნდა იყოს. ერთმა დიდმა ადამიანმა თქვა ბერლინში, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და ახლა მე მოგმართავთ, ბატონო კანცლერო, ჩამოანგრიეთ ეს კედელი და თქვენი შთამომავლები იამაყებენ ამით. შეაჩერეთ ომი. დიდება უკრაინას“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბუნდესტაგში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში