აქციაზე დაკავებული საკრებულოს წევრის სასამართლო პროცესი

18 მარტი 2022, 14:39 740 ნახვა

4 აპრილს წარადგენენ მტკიცებულებებს ბათუმის საქალაქო სასამართლოში " ლელოს " წევრის ირაკლი კუპრაძის დაკავების საქმეზე. ორი საათის განმავლობაშ განიხილავდა სასამართლო ბათუმის საკრებულოს დეპუტატის დაკავების ფაქტს. 

კუპრაძეს ბრალდების მხარე პოლიციის ხელმძღვანელის და აჭარის მთავრობის მისამართით შეურაცხყოფას, პოლიციელებისათვის მონების დაძახებას და მთავრობის სახლში ძალისმიერი შეჭრის მცდელობაში ადანაშაულებს. მათ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდება მოითხოვეს.

ირაკლი კუპრაძე თავის დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ამბობს, რომ არანაირი სამართლებრივი საფუძველი მისი დაკავებისთვის არ არსებობდა.

ბრალდებულის ინფორმაციით, მას არ მიეცა დაკავებისას ზარის განხორციელების საშუალება. თავის გამოსვლაში ირაკლი კუპრაძემ პოლიციას მიმართა და მოუწოდა, რომ მსგავსი მძიმე გადაწყვეტილებების მიღებისას აუცილებელია მინიმალური სტანდარტის დაცვა.

დღესვე პროცესზე მოწმის სახით გამოიკითხა პოლიციელები და აქციის მონაწილეები. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში