საცხოვრებელი უკრაინელების 23%-მა დატოვა - გაეროს საგანგაშო მონაცემები

19 მარტი 2022, 13:05 1079 ნახვა

უკრაინის მოქალაქეების თითქმის მეოთხედი იძულებული გახდა, დაეტოვებინა სახლები ომის გამო - ნათქვამია გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისის ახალ მოხსენებაში. თითქმის 6 მილიონ ნახევარმა ადამიანმა დატოვა საცხოვრებელი ქვეყნის შიგნით, 3 მილიონ 300 ათასზე  მეტი კი ლტოლვილად იქცა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის თანახმად, დაიღუპა 816 მშვიდობიანი მოქალაქე და დაშავდა 2,149. ამავდროულად, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, „ნამდვილი რიცხვები სავარაუდოდ გაცილებით მაღალი იქნება.

ვითარება კვლავ გაუარესებულია მარიუპოლში, სადაც ქალაქის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია 2,350 ადამიანი, თუმცა შესაძლოა, მსხვერპლის რაოდენობა ორჯერ მეტი იყოს.

მარიუპოლის საკრებულოს ინფორმაციით, საომარი მოქმედებების შედეგად საცხოვრებელი კორპუსების 80% დაზიანდა, აქედან 30%-ის აღდგენა შეუძლებელია.ვითარება მძიმეა ნიკოლაევშიც, სადაც, Human Rights Watch-ის უფლებადამცველები ადასტურებენ, რომ ოკუპანტებმა კასეტური საბრძოლო იარაღი გამოიყენეს.

მჭიდროდ დასახლებული ქალაქი გასული კვირის განმავლობაში არაერთხელ დაბომბეს, რის შედეგადაც მშვიდობიანი მოსახლეობა დაიღუპა. ხერსონის ოლქში, რომელიც თითქმის მთლიანად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები იტყობინებიან, რომ რეგიონის სამხრეთ ნაწილში, წყალსა და ელექტროენერგიაზე წვდომის გარეშე მყოფი ადამიანების რაოდენობა 45 750-ს აღწევს. 

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში