„რუსეთს მოლაპარაკებების სურვილი არ აქვს“ - თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია

20 მარტი 2022, 14:18 4855 ნახვა

თურქეთის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ბევრს მუშაობენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრის ორგანიზებაზე, მაგრამ რუსეთს ჯერჯერობით სურვილი არ აქვს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა, იბრაჰიმ ქალინმა თურქულ პრესასთან განაცხადა.

ქალინის თქმით, თურქეთის პრეზიდენტის, შეთავაზებაა, დაფიქსირდეს ძირითადი პუნქტები, რომლებზეც ზელენკისა და პუტინს შორის მოლაპარაკებებზე კომპრომისი შესაძლებელია და შემდეგ კი, დელეგაციების უფრო დეტალური მოლაპარაკებები შეთანხმებაზე გაგრძელდება.

მისი თქმით, პუტინმა ერდოღანთან საუბარში უკრაინისადმი ექვსი მოთხოვნა დააყენა: უკრაინის ნეიტრალიტეტი და უარი ნატო-ს მომავალ წევრობაზე; „დემილიტარიზაცია“ და უსაფრთხოების გარანტიების ორმხრივი უზრუნველყოფა ავსტრიული უსაფრთხოების მოდელის მიხედვით; „დენაციფიკაცია“; რუსული ენის ფართო გამოყენებაზე „შეზღუდვების“ გაუქმება; „დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ აღიარების სტატუსი; რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის აღიარება.

ქალინის თქმით, უკრაინის დელეგაციამ თითქოს განიხილა პირველი ოთხი პუნქტი რუსებთან, მაგრამ მეხუთე და მეექვსე პუნქტებზე მსჯელობისთვის მზად არ არის, ამიტომ თურქეთს აქვს პროგრესის იმედი, თუ შესაძლებელი იქნება ზეlენსკისა და პუტინის შეხვედრის ორგანიზება.

ქალინის განცხადებით, ვერც უკრაინა და ვერც მსოფლიო თანამეგობრობა ვერ დათანხმდებიან რუსეთის მიერ ყირიმისა და დონბასის ოკუპაციის აღიარებაზე, რადგან ეს საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევაა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში