დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს

21 მარტი 2022, 13:03 892 ნახვა

დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხების ჯგუფურად გაფლანგვაში ბრალდებულების, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსის, თეიმურაზ ჯანაშიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.

სხდომას ესწრება ორივე ბრალდებული - მიხეილ სააკაშვილიც და თეიმურაზ ჯანაშიაც.

სხდომაზე ყოფილმა პრეზიდენტმა საზოგადოებას სიტყვით მიმართა და  განაცხადა, რომ მას 2008 წელს ვოლოდიმირ ზელენსკის მსგავსად დედაქალაქი არ დაუტოვებია.

"2008-ში, ისევე, როგორც ზელენსკი ახლა, არ გავედი ჩვენი დედაქალაქიდან. პრეზიდენტის სასახლიდან რამდენიმე კილომეტრში იყო რუსული ტანკები. კოდორში გადმოსხმული ჰყავდათ სპეცრაზმი ჩემს გასანადგურებლად და თუ არა ბუშის გამოსვლა, რომელსაც ტელეფონში ვუყვიროდი და ვამუნათებდი როგორც შემეძლო, როგორც ახლა ზელენსკი საჯაროდ შვრება უკვე ბევრად უფრო ეფექტურად, ალბათ. ეს საჯაროობა მაინც მუშაობს. ვეუბნებოდი, რომ დროზე მოდით, დროზე. მან გადაარჩინა, მისმა გემმა და მისმა თვითმფრინავებმა საქართველო ისევე, როგორც ჩვენმა გმირმა ჯარისკაცებმა, რომლებშიც მათ შორის, იყო ის სამი ჯარისკაცი, ვინც დაიღუპა ამ დღეებში"- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მტკიცებულებებს გამოიკვლევენ.

სხდომის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში