აჭარის მაუწყებელი ჟურნალისტებს პროფესიულ დღესასწაულს ულოცავს

21 მარტი 2022, 19:43 1120 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო ჟურნალისტებს პროფესიულ დღეს ულოცავს. 

"21 მარტი ქართული ჟურნალისტიკის დღეა. 1993 წელს, საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაციისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლების ინიციატივით დაწესებული პროფესიული დღესასწაული, დროთა განმავლობაში უფროდაუფრო დიდ დატვირთვას და მნიშვნელობას იძენს. აღნიშნული კი, თავის მხვრივ, განპირობებულია ჟურნალისტების ჩართულობისა და როლის ზრდით, სხვადასხვა საზოგადოებრივ და სოციალურ პროცესებში. თუმცა, პროგრესს თან ახლავს გამოწვევებიც. თანამედროვე მაყურებელი, მსმენელი თუ მკითხველი, უფრო მომთხოვნი და კრიტიკულია და შეცდომებს ნაკლებად გვპატიობს. შესაბამისად, დღეს, ყველა ტიპის მედიასაშუალების მთავარი ამოცანაა იყოს პასუხისმგებლიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი და ნებისმიერ საკითხზე მუშაობისას ხელმძღვანელობდეს  ჟურნალისტური ეთიკითა და სტანდარტებით. ეს განსაკუთრებით საჭიროა ისეთ პოლარიზებულ მედიაგარემოში, როგორიც დღეს საქართველოშია. ასეთი მოცემულობა კი მნიშვნელოვნად ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლების როლსა და პასუხისმგებლობას აუდიტორიის წინაშე.

ამასთან, აღსანიშნავია ისიც, რომ ჟურნალისტური საქმიანობა არ არის მოკლებული ხიფათსა და სიძნელეებს. სამწუხაროდ, მედიასაშუალებების წარმომადგენლები, სხვადასხვა დროსა და გარემოებებში, ხშირად გამხდარან დევნისა და შევიწროების მსხვერპლი და დაღუპულან პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ამიტომ, უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ რეპორტიორებს, საქმიანობისას, ჰქონდეთ გარანტირებულად უსაფრთხო გარემო და ამაზე ზრუნავდეს ყველა, ვისთვისაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვა, ნებისმიერ ვითარებაში, პირდაპირი და უპირობო ვალდებულებაა.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო, მაუწყებლის ყველა ჟურნალისტსა და კოლეგა მედიასაშუალებებს ულოცავს ქართული ჟურნალისტიკის დღეს და უსურვებს პროფესიულ წარმატებებს და თავისუფალ და უსაფრთხო გარემოში მუშაობას", - წერია აჭარის მაუწყებლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში