ქობულეთში "ალტ-ინფოს" ოფისთან ხმაური და დაპირისპირებაა - პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა

22 მარტი 2022, 17:45 2007 ნახვა

სამოქალაქო აქტივისტები ქობულეთში, "ალტ-ინფოს", "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისის გახსნას აპროტესტებენ და ითხოვენ "პრორუსული ნარატივის" მქონე პარტიამ ქობულეთში ოფისი დახუროს.

ამ მოთხოვნით, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები დღეს ქობულეთის მერიის წინ შეიკრიბნენ და მსვლელობით "ალტ-ინფოს", "კონსერვატიული მოძრაობის" ოფისთან გადაინაცვლეს.

აქტივისტებმა ოფისთან პერფორმანსი მოაწყვეს და გააპროტესტეს რუსული პროპაგანდისტული მოძრაობის ოფისის გახსნა. მათი თქმით, არ დაუშვებენ  რომ ორგანიზაციამ ქობულეთში ფუნქციონირება შეძლოს.

აქციაზე აქტივისტები, უკრაინის და საქართველოს სახელმწიფო დროშებით მივიდნენ.

მოულოდნელად "ალტ ინფროს" ოფისიდან ხელკეტებით შეიარაღებული პირები გამოვიდნენ აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ დაპირისპირებას.

ადგილზე იმყოფებოდნენ კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. სამართალდამცველებმა აღმაშენებლის ქუჩის ნაწილი გადაკეტეს. არსებული ინფორმაციით, ოფისის წარმომადგენლების ნაწილი დაკავებულია. დაკავებები ამ წუთებშიც გრძელდება.

ოფისის წინ სამართალდამცველებს კორდონი აქვთ მოწყობილი. სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ პოლიციამ მათი დაცვა სათანადოდ ვერ შესძლო.

 

 

 

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში