საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს

25 მარტი 2022, 13:27 815 ნახვა

დღეს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩს ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამართავს. ორივე გუნდისთვის ეს იქნება გენერალური რეპეტიცია ივნისში დაგეგმილი ერთა ლიგის მატჩებისთვის. ბოსნიელები მარტის სანაკრებო ფანჯარაში საქართველოს გარდა ლუქსემბურგს შეხვდებიან, ხოლო საქართველოს ნაკრები 29 მარტს ალბანეთს ესტუმრება.

მეტოქეები მატჩს აბსოლუტურად განსხვავებული შედეგებით ხვდებიან. ბოსნია და ჰერცეგოვინამ ზედიზედ სამი მატჩი წააგო – ფინეთთან, უკრაინასთან და ამერიკის შეერთებული შტატების გუნდთან. საქართველოს კი ზედიზედ სამი მოგება აქვს კოსოვოსთან, შვედეთთან და უზბეკეთთან.

საქართველოს ნაკრებს ამ მატჩებში ვერ დაეხმარებიან თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ქვილითია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი მიქაუტაძე, დავით ხოჭოლავა, ირაკლი აზაროვი, სანაკრებო კარიერა დაასრულა ჯაბა კანკავამ, რომელიც „ჯვაროსნების“ ღირსებას 18 წელიწადი იცავდა.

ამხანაგური თამაშებისთვის მოსამზადებლად საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ეროვნულ გუნდში დააბრუნა საბა კვირკველია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ბერიძე, ასევე ერთი დებიუტანტი – „დინამო თბილისის“ 20 წლის ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი.

მატჩი დღეს, ქალაქ ჟენიცას ბილინო პოლეს სტადიონზე 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში