საწვავზე გაზრდილ ფასებთან დაკავშირებით გამართული აქციების უკან ''ნაციონალური მოძრაობა'' დგას - პრემიერი 

28 მარტი 2022, 11:14 1965 ნახვა

პრემიერ მინისტრმა დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე, გუშინ საქართველოს სხვადსხვა ქალაქებში გამართულ აქციებზე ისაუბრა, რომელიც საწვავის ფასის ზრდას ეხებოდა. 

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აქციების უკან ''ნაციონალური მოძრაობა'' დგას. 

რაც შეეხება ინფლაციას, პრემიერის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ საქართველოს პრობლემა და მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ანალოგიური მდგომარეობაა. 

''მინდა შევეხო საკითხს, რომელიც საწვავის ფასს უკავშირდება. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ აქციები იქნა ორგანიზებული, რომლის უკანაც  პირდაპირ უნდა ითქვას ''ნაციონალური მოძრაობა'' იდგა.  მესმის, რომ მოქალაქეებს ძალიან აწუხებთ ფასები და  ჩვენ ყველანი ვართ დაინტერესებული, რომ რაც შეიძლება შევუმსუბუქოთ  გაზრდილი ფასები და წნეხი რომელიც მომდინარეობს ამ კრიზისებიდან. 

21 მარტის მონაცემებით, საწვავის ფასის მიხედვით მსოფლიოს 170 ქვეყანას  შორის, ერთი ლიტრი ბენზინის სიაფით საქართველო 71 პოზიციაზე იყო. ანუ 99 ქვეყანაში არის უფრო  ძვირი საწვავი, ვიდრე საქართველოში. 

თებერვალში ინფლაციის დონემ 13,7% შეადგინა, რაც რა თქმა უნდა, მაღალი მაჩვენებელია. ჩვენ ამას რა თქმა უნდა, გააზრებულად ვუდგებით. მე არ მინდა, შედარება კიდევ შედარება გავაკეთო წინა ხელისუფლებასთან, მაგრამ ვინაიდან ოპონენტები ასე უპასუხისმგებლოდ საუბრობენ და მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას ცდილობენ, მინდა მათ შევახსენო, რომ მათ პერიოდში 2011 წლის მაისში ინფლაცია იყო 14,3%, იმავე წლის მარტში 13,9%, აპრილში, 13,5%, უფრო ადრეც, 2006 წელს ინფლაცია 14,5%-ს შეადგენდა.

საშუალო წლიური ინფლაცია წინა ხელისუფლების იყო 6,2 %. მაშინ, როდესაც ჩვენი მთავრობის 9 წლიან პერიოდში 4,1% არის საერთო შეწონილი წლიური ინფლაცია.

კოვიდპანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე ინფლაციის მაჩვენებელმა არაერთ ქვეყანაში  პროგნოზირებულს გადააჭარბა და ბოლო წლების რეკორდულ დონეს მიაღწია. ჩვენს ქვეყანაში ინფლაცია და ფასების ზრდა გამოწვევაა. საქართველო ბუნებრივია ვერ იქნება გამონაკლისი, იმიტომ რომ ვართ პატარა ქვეყანა პატარა ეკონომიკით და მიერთებული ვართ მსოფლიო ბაზარზე. რაც ხდება ამერიკასა და ევროპაში ჩვენზეც აისახება. პანდემიას, რომელმაც თავდაყირა დააყენა მთელი მსოფლიო, ახლა დაემატა ეს ტრაგედია, ომი. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ ყოფილა ასეთი მასშტაბის ომი ევროპაში. ამას ბუნებრივია ექნება გავლენა ყველაზე და ყველაფერზე. ფასებზე, ეკონომიკაზე, ინფლაციაზეც, ამიტომ ამას სჭირდება კარგად გააზრება და კარგად ახსნა ჩვენი მოქალაქეებისთვის.'' - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით,  ქვეყანაში წესრიგი უნდა იყოს და მიუღებელია, როდესაც მოქალაქეები საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ.

„მინდა ჩვენს მოქალაქეებს მივმართო, ნუ ავყვებით პროვოკაციებს. გუშინ პოლიციას მოუწია რეაგირება. ეს რა თქმა უნდა, სწორი იყო, რადგან არ შეიძლება, როდესაც ადამიანები ასე პროვოკაციულად იქცევიან და საკუთარი ავტომობილებით ქუჩებს კეტავენ, ეს მიუღებელია. ქვეყანაში უნდა იყოს წესრიგი და ყველა მოქალაქე კანონსა და წესებს უნდა დაემორჩილოს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში