7 ნოემბრის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

28 მარტი 2022, 15:55 1065 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომას ესწრება თავად ბრალდებული სააკაშვილი.

სხდომაზე ყოფილმა პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა.

"14 წელი გიყვებოდნენ, რომ სააკაშვილი არის კაციჭამია, შემომხედეთ ერთი, მე ვარ კაციჭამია თუ ეს მთავრობა, რომელმაც ამ მდგომარეობამდე მიგიყვანათ. თქვენ 14 წელი საჭმლის მაგივრად, განათლების მაგივრად, პერსპექტივების მაგივრად გაჭმევენ პროპაგანდას და სიბინძურეს. ყველამ ძალიან კარგად იცით ვინ ვარ მე, რა მაქვს გაკეთებული. ახლა ხომ მაინც დაინახეთ რას აგაცილეთ თბილისში 2008 წელს"-გაანაცხადა მიხეილ სააკაშვილმა

მისივე თქმით, საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე.

"უკრაინა იმარჯვებს! საქართველოს ე.წ. ხელისუფლებამ სრული ფსონი დადო რუსეთის გამარჯვებაზე. აბა ვის გაუგია რუსეთმა წააგოს კაცო. ბორინკას ვერ წარმოუდგენია, რომ რუსეთმა შეიძლება დამარცხება იწვნიოს. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში?! უკრაინა იმარჯვებს დიდი უპირატესობით. უკრაინა რუსებს თავის ტერიტორიიდან გამოყრის. მათ შორის ჩვენი 2000 მებრძოლის მონაწილეობით, რომლებიც იცავენ, მათ შორის საქართველოს ინტერესებს"-განაცადა სააკაშვილმა. 

სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. 

სასამართლოს ეზოში სააკაშვილის მხარდამჭერები და აქტივისტები არიან შეკრებილები.

"თავისუფლება მიშას" - ამ ლოზუნგით აქციის მონაწილეები სასამართლოსთან ყოფილი პრეზიდენტის ყველა პროცესის დროს იკრიბებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში