მოლაპარაკებები სტამბოლში

29 მარტი 2022, 12:05 1516 ნახვა

სტამბოლი მსოფლიო ყურადღების ეპიცენტრშია. უკრაინის და რუსეთის დელეგაციები  ერთმანეთის პირისპირ ისევ დასხდნენ. მხარეები ომის შეჩერებას და შეთანხმების მიღწევას ორი დღის განმავლობაში შეეცდებიან. რამდენიმე წუთია, რაც დოლმაბაჰჩეს სასახლეში ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყო მსჯელობა. მოლაპარაკებების დაწყებამდე შუამავალი ქვეყნის პრეზიდენტმა მხარეებს მიმართა.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტა და მშვიდობა შავი ზღვის რეგიონის ყველა ქვეყნის ინტერესებშია. მისი თქმით, მსოფლიო თანამეგობრობა სტამბოლის შეხვედრის მონაწილეებისგან ელოდება დადებით გადაწყვეტილებებს.  მანამდე კი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის დელეგაცია რუსეთთან მოლაპარაკებებზე რეფერენდუმის ჩატარებას არ განიხილავს.

ახლა მოლაპარაკებებზე უკრაინული მხარისთვის პროგრამა მინიმუმი - ჰუმანიტარული პრობლემების მოგვარებაა, ხოლო მაქსიმუმი - ცეცხლის შეწყვეტა. შეიძლება ითქვას, რომ მოლაპარაკებების არც ერთ პრინციპულ პუნქტთან დაკავშირებით შეთანხმება არ შემდგარა. 

ასევე შეხვედრის დაწყებამდე "ფაინენშალ თაიმსმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ “ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში რუსეთი აღარ ითხოვს უკრაინის დენაციფიკაციას და მზად არის, დაუშვას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება, თუ ის უარს იტყვის ნატო-ს წევრობაზე.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში