შევამსუბუქეთ რეგულაციები, დავაკვირდებით მიმდინარე დინამიკას და შემდგომი გადაწყვეტილებებიც შესაბამისი იქნება - პრემიერი

04 აპრილი 2022, 12:54 728 ნახვა

შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია, ჩვენ შევამსუბუქეთ რეგულაციები, დავაკვირდებით მიმდინარე დინამიკას და შემდგომი გადაწყვეტილებებიც შესაბამისი იქნება - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ბოლო შვიდი დღის ინციდენტობის საშუალო მაჩვენებელი 415-ია და ის კლებას განაგრძობს.

„დღეს იყო მაგალითად სულ 200 შემთხვევა. სიკვდილიანობა ძალიან შემცირებულია. სამწუხაროდ, დღეს კიდევ იყო გარდაცვალების ორი შემთხვევა, მაგრამ ეს მიუთითებს, რომ  მაჩვენებელი ძალიან დაკლებულია. კოვიდკლინიკებში 500-ზე ნაკლები პაციენტი განაგრძობს მკურნალობას და დღეს ქვეყანაში დაახლოებით 4 ათასი ინფიცირებულია მხოლოდ, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან გვახარებს. ეპიდვითარება არის გაუმჯობესებული და შემთხვევების კლების დინამიკა შენარჩუნებულია. შესაბამისად, ჩვენ გადავდგით ნაბიჯები, შევამსუბუქეთ რეგულაციები, შეზღუდვები. დავაკვირდებით მიმდინარე ტენდენციებს, დინამიკას და შესაბამისი იქნება ჩვენი შემდგომი გადაწყვეტილებებიც“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში