საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე - ფინანსთა სამინისტრო

04 აპრილი 2022, 20:52 1396 ნახვა

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშჩუკის განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, თითქოს, საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე. ფინანსთა სამინისტრო აღნიშნულს ყოვლად დაუსაბუთებელსა და აბსურდულ ბრალდებას უწოდებს.

"საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ეხმაურება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებებს, თითქოს საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა შეთანხმებულია რუსეთთან საქართველოს გავლით სანქცირებული პროდუქტების კონტრაბანდის სახით შეტანაზე და აცხადებს, რომ ეს არის ყოვლად დაუსაბუთებელი და აბსურდული ბრალდება.

საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ რუსეთის ფედერაციისთვის სანქციების დაწესების პირველივე დღეებიდან, საქართველო ახორციელებს უმკაცრეს კონტროლს ქვეყნის ყველა საბაჟო-გამშვებ პუნქტზე და ხდება ქვეყანაში შემოსული და გასული ტვირთების მონიტორინგი.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ნებისმიერი ტიპის საქონელი, როგორც სამხედრო, ისე ორმაგი დანიშნულების, ასევე ყველა ის პროდუქცია, რომელიც მოხვედრილია სანქციების სიაში, ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს საქართველოს ხელისუფლების მიერ.

აღსანიშნავია, რომ ამის შესახებ დეტალურად ინფორმირებულია ყველა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი.

საქართველო მომავალშიც გააგრძელებს ამ მიმართულებით უმკაცრეს კონტროლს და პარტნიორებისთვის ინფორმაციის გაზიარებას," - აღნიშნულის ფინანსთა სამინისტროს მიერ გავრცელებულს განცხადებაში.

ფაქტს დღეს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის განცხადებას.

"მარტივად რომ ვთქვათ, ეს ტყუილია! ამ ტიპის დეზინფორმაცია პარტნიორი ქვეყნიდან, განსაკუთრებით ამ პირობებში, სრულიად მიუღებელია“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მანამდე უკრაინის დაზვერვამ განცხადება გააკეთა, რომ საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში. 

ანა ახალაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში