ნატო-ს თავად რუსეთი აფართოვებს - უკრაინული მედია

05 აპრილი 2022, 14:44 855 ნახვა

უკრაინაში განვითარებული  მოვლენების ფონზე საკუთარი  უსაფრთხოების გამო შეშფოთებულია  ევროპის ჩრდილოეთ ქვეყნები. კრემლმა შესაძლოა მიიღოს ნატოს წევრი ახალი მეზობელი -ფინეთი, მას შემდეგ, რაც  უკრაინის წინააღმდეგ ომი იმის გამო დაიწყო, რომ არ დაეშვა მის საზღვრებთან ნატოს გაფართოება - წერს უკრაინული მედია. 

ამას გარდა, ნატოში წევრობაზე  შვედეთიც დაფიქრდა.  ნეიტრალური სტატუსის მქონე ორივე ქვეყანამ -ფინეთმა და შვედეთმაც პირველად შექმნეს  გაერთიანებული ბრიგადა ნორვეგიაში ნატოს წვრთნებში მონაწილეობისთვის.

ფინეთს რუსეთთან ათას 300 კილომეტრიანი საზღვარი აკავშირებს. ქვეყნის ხელისუფლებამ ალიანსში შესაძლო გაწევრიანების საკითხი ნატოს წევრ თითქმის ყველა ქვეყანასთან განიხილა და აპრილის შუა რიცხვებამდე ამ  საკითხის პარლამენტში გატანას გეგმავს.  შვედეთში, რომელსაც  1814 წლიდან არ უომია, ცოტა ხნის წინანდელმა გამოკითხვამ აჩვენა, რომ შვედების 59%-ს   ნატოში გაწევრიანება სურს, თუკი  ამას ფინეთი გააკეთებს. 

ფინეთისა და შვედეთის 16 მილიონიან მოსახლეობას  ნატოს უსაფრთხოების გარანტიები არ აქვს. თავის მხრივ, რუსეთმა ორივე ქვეყანა ნატოში გაწევრიანებაზე  არაერთხელ გააფრთხილა.  12 მარტს ლავროვის უწყება  სერიოზული სამხედრო-პოლიტიკური შედეგებით დაემუქრა, თუკი ისინი ამას გააკეთებენ.

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი  ნატოში შესაძლოა  საკმაოდ სწრაფად მიიღონ, თუმცა როგორი იქნება დაჩქარებული პროცედურა არ აკონკრეტებს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში