გასულ კვირას ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა, პასუხს ვაგებინებთ სამხედრო დანაშაულებისთვის - ურსულა ფონ დერ ლაიენი

06 აპრილი 2022, 14:07 868 ნახვა

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ქმედებებს სამხედრო დანაშაული ჰქვია.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად და პასუხს აგებენ ისინი, რომლებიც პასუხისმგებელი არიან სამხედრო დანაშაულებზე.

„შვიდი კვირის წინ, ბუჩა იყო მეგობრული და მშვიდი დასახლება კიევის შემოგარენში, თუმცა გასულ კვირას, ბუჩაში მოკლეს თავად ადამიანობა. ის მოკლეს ცივსისხლიანად, ხელებშეკრული, თავში ტყვიის გასროლით. ის დატოვეს დასალპობად შუა ქუჩაში ან მასობრივ სამარხებში. ჩვენ ყველამ ვიხილეთ შემზარავი სურათები ბუჩადან. ჩვენ მოვისმინეთ მათი ჩვენებები, ვინც ახლა, რუსეთის არმიის წასვლის შემდეგ, თავისუფლად საუბრობს. ისინი ესროდნენ ყველას, ვისაც ხედავდნენ, თქვა ერთ-ერთმა თვითმხილველმა პუტინის სამხედროების შესახებ. აი, ეს ხდება, როდესაც პუტინის სამხედროები იკავებენ უკრაინულ ტერიტორიას. ისინი ამას გათავისუფლებას უწოდებენ. არა, ჩვენ ვუწოდებთ ამას სამხედრო დანაშაულებს.

ჩვენ ნამდვილად უნდა დავარქვათ ამას თავისი სახელი. ევროკავშირმა უკრაინასთან ერთად ჩამოაყალიბა საერთო საგამოძიებო გუნდი ადგილზე მტკიცებულებებისა და ჩვენებების შესაგროვებლად. ჩვენ პასუხს ვაგებინებთ მათ, ვინც პასუხისმგებელია სამხედრო დანაშაულებზე. დამნაშავეებმა უნდა გადაიხადონ. ბუჩას მოვლენების შემდეგ, როგორც არასდროს, ევროკავშირი უკრაინის გვერდით მტკიცედ დგას“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს პუტინზე და რუსეთის მთავრობაზე ზეწოლა.

„ევროპელი გადამხდელების ფული არ უნდა მიედინებოდეს რუსეთში არანაირი ფორმით. შესაბამისად, ჩვენ უნდა ვიყოთ მკაცრები სანქციების მიმართ, უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები სანქციების მიმართ, ჩვენ ეტაპობრივად უნდა გავამკაცროთ ჩვენი სანქციები, რადგან ისინი ზღუდავენ კრემლის მოქმედების ეკონომიკურ და პოლიტიკურ ვარიანტებს. სანქციები ჭკვიანია, რადგან ისინი აზარალებს რუსეთს უფრო მეტად, ვიდრე ჩვენ. ეს  არ იქნება ჩვენი ბოლო სანქციები. როგორც გუშინ ვთქვი, დიახ, ჩვენ ახლა ავკრძალავთ ქვანახშირის იმპორტს, თუმცა ახლა უნდა განვიხილოთ ნავთობის საკითხი და ჩვენ უნდა გადავხედოთ იმ შემოსავალს, რომელსაც რუსეთი იღებს წიაღისეული საწვავიდან, რომ ჩვენ ნამდვილად შევზღუდოთ წიაღისეული საწვავიდან რუსეთის შემოსავლის წყარო და ეს არის შემდგომი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა გადავდგათ"- განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში