ათეული წელია ეს მტანჯველი თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვით არის დაკავებული - მეუფე დიმიტრი

07 აპრილი 2022, 17:51 1495 ნახვა

ათეული წელია ეს მტანჯველი თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მაგრამ მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლის ღვრით არის დაკავებული, - ამის შესახებ ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ ხარების სადღესასწაულო წირვის ქადაგებისას განაცხადა.

მიტროპოლიტმა დიმიტრიმ, რუსეთის პატრიარქის კირილის ქადაგების შესახებ ისაუბრა და მას კითხვით მიმართა, არის თუ არა მათი ინტერესები ბავშვების და ადამიანების განადგურება.

"რამდენიმე ათეული წელია, ეს მტანჯველი, რომელიც თავის თავს ერთმორწმუნეს უწოდებს, მართლმადიდებლების ხოცვითა და სისხლისღვრით არის დაკავებული. მე კიდევ არ ვიქნებოდი ასეთი მკაცრი, თუ შეიძლება ასე ვთქვათ, რომ არ მომესმინა რუსეთის პატრიარქის ბოლო ქადაგება, სადაც ის ლოცავს თავის როსგვარდიას, ის გენერალს გადასცემს ე.წ. აგვისტოს ღვთისმშობელს, ვითომ აქ არაფერი არ არის ისეთი ყურადსაღები, მაგრამ ყურადსაღებია ზუსტად ის, რომ ეს ხატი შეიქმნა გასული საუკუნის დასაწყისში, როგორც ევროპის დაპყრობის სიმბოლო პირველი მსოფლიო ომის დროს. ეს მათ ვერ განახორციელეს, მაგრამ ხატი ამისთვის არის და ესეც ერთგვარი მინიშნება იყო. ესეც არ არის ისეთი აღმაშფოთებელი, რომ არა ის, რომ ისმენ პატრიარქისგან, საეკლესიო პირისგან, უბრალოდ სასულიერო პირისგან იმას, რომ რუსებიო ჩვენი ქვეყნის ინტერესებს იცავენო უკრაინაშიო, მათ ფიცი აქვთ დადებულიო და ჩვენო ფაშიზმიო ერთხელ გავწყვიტეთ წელში და ახლაც ამას მოვახერხებთო. 

საოცარი და გამაოგნებელია ის გარემოება, რომ ის, ვინც იხოცება გარკვეული ნაწილი მის იურისდიქციის ქვეშ არის, ან, შეიძლება იყო კიდეც. მე ძალიან ხშირი ურთიერთობა მაქვს უკრაინასთან, თითქმის, ყოველდღიური - მღვდელმთავრებთან, მღვდლებთან, ჩემს თანაკურსელებთან და იქ უმძიმესი მდგომარეობაა. ეს იყო გამაოგნებელი, რომ რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, მათ ფიცი აქვთ დადებული. მე მივმართავ მას, რომ რა არის თქვენი ინტერესი, პატარა ბავშვების სიცოცხლის ხელყოფა, დახოცვა და ამ უსუსური ადამიანების ასე განადგურება?!  ეს არ არის ქრისტიანობა. ეს საშინელებაა!" - აცხადებს მეუფე დიმიტრი.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში