საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით - უკრაინის ფოსტა

11 აპრილი 2022, 11:25 4739 ნახვა

საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის 400 ტონა ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებით, – შესაბამის ოფიციალურ მონაცემებს უკრაინის სახელმწიფო ფოსტა Ukrposhta აქვეყნებს.

უწყების ცნობით, საქართველო იმ 14 ქვეყანას შორისაც დასახელდა, რომელიც ფიზიკურ და იურიდიულ პირებს აძლევს საშუალებას უფასოდ გააგზავნონ საფოსტო გზავნილები (ამანათები) უკრაინის მიმართულებით მათთვის სასურველ ადრესატებთან.

„უკრპოშტის“ მონაცემებით, მეორე ადგილზეა რუმინეთი – 80 ტონა ჰუმანიტარული ტვირთით, მესამეზე კი ბელგია 40 ტონა ტვირთით. უკრაინის ფოსტის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია პირველი აპრილის მონაცემებს ასახავს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, უკრაინაში პირველი ჰუმანიტარული ტვირთი თებერვალში გაიგზავნა.

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საქართველოდან უკრაინელი ხალხის დახმარების მიზნით, სხვადასხვა საჭიროების პროდუქცია, მათ შორის საკვები და სასმელი პროდუქცია, პირველადი მოხმარებისა და სამედიცინო დახმარების ნივთები გააგზავნა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში