დღეიდან ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტი მატერიალური სახით, ქაღალდზე აღარ გაიცემა - პრემიერი

11 აპრილი 2022, 11:45 1579 ნახვა

დღეიდან ფსიქოტროპული პრეპარატების რეცეპტი მატერიალური სახით, ქაღალდზე აღარ გაიცემა-ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეცეპტის გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება.

მისი თქმით, ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება.

„ორი თვის წინ, დავავალე ბატონ მინისტრს, რომ ფსიქოტროპული და მასთან გათანაბრებული მედიკამენტების გამოწერის წესი უნდა გამკაცრდეს. ეს უკავშირდება ნარკომანიას, არაჯანსაღ ცხოვრების წესს და უამრავ სხვა უბედურებას, რომელიც საბოლოო ჯამში მოქმედებს ჩვენს მომავალ თაობაზე.

დღეიდან ამ ჯგუფის პრეპარატების რეცეპტი მატერიალური სახით, ქაღალდზე აღარ გაიცემა. მისი გამოწერა მხოლოდ ელექტრონული ფორმით მოხდება. ამ ცვლილებით მნიშვნელოვნად შეიზღუდება ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მოხმარება. ფსიქოტროპული მედიკამენტები დაუშვებელია ექიმის დანიშნულების გარეშე გაიცემოდეს. საქართველოში ფსიქოტროპული მედიკამენტების მიმოქცევაზე მოქმედებს გამკაცრებული წესი; წამლების შეძენა ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის გარეშე არის აკრძალული, თუმცა მატერიალური ფორმის რეცეპტით პროცესის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული.

სწორედ ელექტრონული რეცეპტების საშუალებით, მუდმივ რეჟიმში გახდება შესაძლებელი, როგორც მედიკამენტის გამცემი ფარმაცევტული დაწესებულების, ასევე რეცეპტის გამომწერი ექიმების გაკონტროლება. ესეც ძალიან დაგვეხმარება პროცესის გამჭვირვალობაში, ზოგადად მონიტორინგში. საბოლოო ჯამში, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ფსიქოტროპული მედიკამენტების ბრუნვის სრული სურათის გაციფრულება და მედიკამენტის ქვეყანაში შემოტანის მომენტიდან პაციენტზე გაცემამდე მთელი ეს ჯაჭვი, პროცესი რომ გამარტივდეს, ამავდროულად, ზედამხედველობა, მონიტორინგი და გამჭვირვალობა რომ გაუადვილდეს სახელმწიფოს და კონტროლი ფარმაცევტული პროდუქციის მიმოქცევის სრულ პროცესზე რომ იყოს შესაძლებელი. ესეც მოგვარდა, ეს საკითხიც დღეიდან მოგვარდება“, - განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში