აქცია ანგისის ქუჩაზე

11 აპრილი 2022, 14:28 1259 ნახვა

ხმაურით გაგრძელდა დღესაც აქცია ანგისის ქუჩაზე ინვესტორისგან დაზარალებულ მოქალაქეებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის. საუბარია 120 ოჯახზე, რომელთაც დაუსრულებელ საცხოვრებელ კორპუსებში ცხოვრება ყველა საჭირო პირობის გარეშე უხდებათ.

ოჯახები " ნევ ბათუმის " მიერ აშენებულ ბინებში 5 წლის წინ შევიდა. მათ აქვთ დენის მიწოდების პრობლემა, არ აქვთ გაზი და არ გაუფორმდათ საკუთრება. მოქალაქეები მოითხოვენ კორპუსების უსაფრთხოების შემოწმებას და კომპანიისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების დავალებას.

ამბობენ, რომ მათ მიერ წარმოებული მოკვლევის შედეგად კომპანიას დავალიანებები გააჩნია, „ნევ ბათუმს“ კი ყადაღა ადევს. ამჯერად აქციის მონაწილეებმა ხელმოწერები შეაგროვეს და სასამართლოში შესატანად საჩივარს ამზადებენ. მათი თქმით, წლებია კომპანიის ხელმძღვანელი იმალება და შემსყიდველებს არ ხვდება.

კომპანიის იურისტი ამბობს, რომ დენის მიწოდებასთან დაკავშირებული ვალდებულებების ძირითადი ნაწილი სააბონენტო გადასახადია, თუმცა როდის დაუკანონდებათ საკუთრება მფლობელებს პასუხი არ აქვთ, რადგან კომპანია დაყადაღებულია.

მერიის ინსპექტირების სამსახურის ინფორმაციით, კონკრეტული შენობები  შემოწმდა და მშენებლობის მიმართულებით საქმის წარმოება დაწყებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში