ევროკავშირისგან კითხვარის მიღება საქართველოსთვის არის ახალი შანსი - სალომე ზურაბიშვილი

11 აპრილი 2022, 18:07 1078 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირისგან წევრობის კითხვარის მიღებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა. 

მისივე თქმით, დღეს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღეა. ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარი საქართველოსთვის არაჩვეულებრივი, ახალი შანსია. ასევე აღნიშნავს, რომ ეს არ არის მხოლოდ კითხვარი, არამედ არის დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი ქვეყნისთვის.

"დღეს არის საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ნამდვილად ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ დღეს მივიღეთ ევროკავშირისგან ის კითხვარი, რომელსაც ალბათ არ ველოდებოდით რამდენიმე წელი, ესეც კარგად თუ გამოგვივიდოდა. ეს არის არაჩვეულებრივი ახალი შანსი, რაც გაუჩნდა ჩვენს ქვეყანას.

ამისთვის უნდა ვუმადლოდეთ, ცხადია, ევროკავშირის ყველა წევრ ქვეყანას და ევროკავშირის ხელმძღვანელობას - კომისიას და ევროპულ საბჭოს, მაგრამ ალბათ, ამას უფრო უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას და უკრაინის ბრძოლას. რომ არ ყოფილიყო ეს თავდადებული ბრძოლა უკრაინისა, ალბათ, ეს დღეც არ დადგებოდა. ყოველ შემთხვევაში, არ დადგებოდა ასე სწრაფად და როდის მოვიდოდა ეს დღე, ამას ვერავინ ვერ იტყოდა.

ევროკავშირმა გამომდინარე ამ ტრაგიკული მდგომარეობიდან, გადაწყვიტა აეჩქარებინა ეს პროცესი და გაეხადა უფრო პოლიტიკური, ვიდრე ბიუროკრატიული. ეს იყო ის, რაც გავიგე ბრიუსელში როცა ვიყავი და რაც მერე გადავიდა რეალობაში. დღეს ვხედავთ, რომ უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს გადაეცა ეს კითხვარი" - განაცხადა ზურაბიშვილმა.

დღეს, 11 აპრილს სამეზობლო და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილს ევროკავშირში წევრობის განაცხადთან დაკავშირებული კითხვარი გადასცა. კითხვარის გადაცემის ცერემონია ლუქსემბურგში გაიმართა. საქართველოსთან ერთად კითხვარი გადაეცა მოლდოვასაც.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში