„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი დავაკავეთ - შსს

12 აპრილი 2022, 11:20 3954 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, ქუთაისში, რუსთავსა და ზესტაფონში „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს.

უწყების ცნობით, „ქურდული სამყაროს“ წევრები - ა.ც., ლ.მ. და ზ.მ., ბიზნესპარტნიორებს შორის არსებული ფინანსური დავის გადაწყვეტის მიზნით, "ქურდული გარჩევის“ მოსაწყობად დაუკავშირდნენ საზღვარგარეთ მყოფ ქართველ „კანონიერ ქურდს“ - ლ.ჩ.-ს, რომელიც "ქურდულ გარჩევაში“ დისტანციურად ჩაერთო და ერთ-ერთ ბიზნესმენს - ლ.ბ.-ს, მეორე ბიზნესპარტნიორის სასარგებლოდ, დადგენილ ვადაში 10 000 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა.

''მხარეებს შორის ფინანსური დავის საბოლოოდ გადაწყვეტის მიზნით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრებმა რამდენჯერმე მოაწყვეს „ქურდული“ გარჩევა, რომლებშიც საზღვარგარეთ მყოფი ქართველი ,,კანონიერი ქურდი“ - ი. ხ.-ც მონაწილეობდა. ბრალდებულები სისტემატურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და აქტიურად განიხილავდნენ მხარეებს შორის არსებულ ფინანსურ დავას.

პოლიციამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, კიდევ ერთი დაკავებულის, ა.ჯ.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, 2 ცეცხლსასროლი პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და ბრალდებულების მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ'' - აცხადებენ სამინისტროში. 

დანაშაულები 3-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში