დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც 2 უცხოელი მანქანაში ჩაკეტა და უთხრა, რომ 500 ლარის სანაცვლოდ გაუშვებდა

12 აპრილი 2022, 12:14 39507 ნახვა

სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი - 1993 წელს დაბადებული ა.ბ. თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.

ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში