ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, „ფულს სხვა ადამიანების სისხლით“ შოულობენ - ზელენსკი 

15 აპრილი 2022, 10:23 1138 ნახვა

ოკუპანტები მაქსიმუმ ხუთ დღეს გვაძლევდნენ, ჩვენ უკვე 50 დღეა ვიბრძვით, – ამბობს მორიგ მიმართვაში  ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიიღო სათანადო პასუხი მსოფლიოსგან 2014 წელს, რის გამოც მოსკოვმა უკრაინაში ხელახლა შეჭრა და ფართომასშტაბიანი ომის დაწყება გაბედა.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსული არმიის ქცევა დონბასში მიუთითებს, რომ მათ ქვეყნის სრულად განადგურება სურთ.

გამოსვლისას უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა ომის პირველი დღეები და განაცხადა, რომ მას მსოფლიო ლიდერები ფაქტობრივად დანებებას ურჩევდნენ. პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ.

ის ევროპული ქვეყნები, რომლებიც რუსეთისგან ნავთობის შეძენას განაგრძობენ, „ფულს სხვა ადამიანების სისხლით“ შოულობენ, – მიაჩნია ზელენსკის, რომელმაც ეს განცხადება  „ბიბისისთან“ ინტერვიუს დროს გააკეთა. 

როგორც „ბიბისი“ წერს, ინტერვიუში ზელენსკიმ გერმანია და უნგრეთი დაადანაშაულა ენერგორესურსებზე ემბარგოს დაწესების დაბლოკვაში. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მსოფლიოს, მიაწოდონ უკრაინას იარაღი, რადგან მისი თქმით, უკრაინა საკმარისად სწრაფად არ იღებს მარაგებს იმისთვის, რომ რუსეთის თავდასხმა მოიგერიოს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში