არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ 200 კოვიდპაციენტის პირობებში 9000 საწოლის თანხა ვიხადოთ - ჯანდაცვის მინისტრი

18 აპრილი 2022, 13:51 1238 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს კლინიკებში 200-მდე კოვიდ პაციენტი მკურნალობს.  ზურაბ აზარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე კერძო კლინიკებისთვის სამართლიანი მოდელი მუშაობს და ფაქტიური დანახარჯებით ხდება თანხების დაფარვა.

მინისტრის განმარტებით, კოვიდპაციენტების შემცირების ფონზე მსგავსი პრობლემის წინაშე სახელმწიფო კლინიკებიც დადგნენ. 

''პირველი მარტის შემდეგ, დღეს უკვე 18 აპრილია და თვენახევარზე მეტი გავიდა. პირველ მარტამდე იყო ეტაპობრივად ამის შემცირება და მე ვფიქრობ დღეს ვართ სამართლიან მოდელამდე, როცა  ფაქტიური დანახარჯების მიხედვით სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ  თავის მოქალაქეებს სრულად დაუფინანსოს მკურნალობის ხარჯი. აქედან გამომდინარე ფაქტიური დანახარჯებით, რასაც წარმოგვიდგენენ ისინი ვანაზღაურებთ. 

რაც შეეხება კომუნიკაციას,  სამინისტროში თითქმის ყოველდღე  მიმდინარეობს. ჩემს  მოადგილეებს აქვთ სრული დელეგირება, როგორც ფინანსურ  ნაწილზე, ასევე სამედიცინოზე. მათთან ერთად დეტალურად იხილავენ საჭიროებებს და თანადგომას, რაც შეიძლება სახელმწიფომ მათ მიმართ გამოიჩინოს. 

ხოლო როგორი უნდა იყოს სამედიცინო კლინიკების მოწყობა და მათი ბიზნეს მოდელი, იქნება ეს მომგებიანი, პაციენტებზე დამოკიდებული, კომერციული თუ მთლიანად სახელმწიფოზე მიბმული - ეს მათი გადასაწყვეტია და იმ მოცემულობით, რაც იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი და  ხარისხიან მომსახურებაზე დამყარებული, იმ ფასს  გადავიხდით. 

ეს შეხვედრები ასევე ეხება დიარჯი სისტემაზე გადასვლას, ეს არის სამართლიანი ფასის დადგენა ამა თუ იმ სამედიცინო მომსახურებაზე და ამაზეც აქტიურად ვთანამშრომლობთ კერძო სექტორთან. 

სახელმწიფო კლინიკებთანაც ზუსტად იგივე პრობლემის წინაშე დავდექით. დღეს იქაც პაციენტების ნაკლებობა და ვფიქრობთ, როგორი უნდა იყოს მათი მოწყობა და მოდელი. ამ სექტორზე, პანდემიის პერიოდში, ერთ მილიარდ ლარზე მეტი დაფინანსება გავწიეთ. ეს თანხა საკმარისია, იმისათვის რომ სწორი ბიზნეს მოდელი აირჩიოს. 

მე არ დავეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ 9000 საწოლი იყო მობილიზებული და 200 პაციენტის პირობებში ჩვენ 9000 საწოლის თანხები ვიხადოთ'' - განაცხადა მინისტრმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში