პოლიციელმა მამაკაცის შებოჭვა სცადა, რა დროსაც მას იარაღიდან გაუვარდა, ფაქტს ახალგაზრდა კაცის გარდაცვალება მოჰყვა - საგამოძიებო სამსახური

19 აპრილი 2022, 14:23 1491 ნახვა

წყნეთში, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობის ფაქტთან დაკავშირებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურში ბრიფინგი გამართა.

კოკა კაციტაძის განცხადებით,  უწყებაში თავდაპირველად ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია შევიდა, ადგილზე მისულ პოლიციელებს ახალგაზრდა მამაკაცი დახვდა, რომელიც მათ მითითებებს არ დაემორჩილა და გაქცევა დააპირა.

მისივე თქმით, პოლიციელმა მისი შებოჭვა სცადა, რა დროსაც გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

საქმეზე ჩაატარა გადაუდებელი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები.

„საქმეზე ამჟამად მოპოვებული მტკიცებულებებით, მათ შორის თვითმხილველი მოწმეების მიერ მოწოდებული ინფორმაციით დგინდება, რომ 2022 წლის 18 აპრილს, საღამოს საათებში, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მე-4 სამმართველოს უფროსი და ამავე სამმართველოს დეტექტივი, სამსახურებრივი მანქანით გადაადგილდებოდნენ წყნეთის ტერიტორიაზე, რა დროსაც სამმართველოს უფროსს მობილურ ტელეფონზე გადასცეს ლადო გუდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ ნარკოტიკული საშუალების შესაძლო უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტის შესახებ ინფორმაცია. შემთხვევის ადგილზე გამოცხადებისას მათ დახვდათ გაჩერებული ტაქსი, რომლის სიახლოვეს ახალგაზრდა მამაკაცი მიწაში რაღაცას ეძებდა. მიწიდან გაურკვეველი ნივთის ამოღებისთანავე, მამაკაცთან სწრაფად მივიდა პოლიციის დეტექტივი, რომელსაც ხელში ეჭირა ცეცხლსასროლი იარაღი და განუცხადა, რომ იყო დაკავებული. ახალგაზრდა მამაკაცმა გადაყლაპა მიწიდან ამოღებული ნივთი და გაქცევა დააპირა, აღნიშნულზე პოლიციელმა სცადა მისი შებოჭვა, რა დროსაც მას გაუვარდა იარაღიდან, რასაც ახალგაზრდა მამაკაცის გარდაცვალება მოჰყვა.

გამოიკითხნენ პოლიციის თანამშრომლები, ინციდენტის შემსწრე თვითმხილველი მოწმეები და მიმდებარედ მცხოვრები მოქალაქეები, ამოღებული იქნა დანაშაულის იარაღი, რის შემდეგაც ჩვენს მიერ დაკავებულ იქნა პოლიციის დეტექტივი. ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფის მიზნით, სამსახური ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარებას. გამოძიებისთვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად ინიშნება სასამართლო-სამედიცინო, ბიოლოგიური, ქიმიური, ბალისტიკური, ტრასოლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზები“, - განაცხადა კოკა კაციტაძემ.

სამართალდამცველისთვის ბრალი ჯერ არ წარუდგენიათ. საგამოძიებო უწყებაში ის თავად გამოცხადდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში