რუსეთის ჯარებმა ზაპოროჟიეში მასობრივი შეტევა დაიწყეს, "აზოვსტალის" ქარხანაში მყოფ სამხედროებს კი იარაღის დაყრა შესთავაზეს - უცხოური მედია

20 აპრილი 2022, 10:16 1043 ნახვა

უკრაინაში, ზაპოროჟიეს რეგიონის ტერიტორიაზე რუსეთის ჯარებმა მასობრივი შეტევა დაიწყეს. ამის შესახებ უკრაინის მედია იუწყება.

ზაპოროჟიეს რეგიონული ხელმძღვანელობა ფრონტის მახლობლად მდებარე დასახლებებში მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.

პარალელურად, რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში ბაშტანკის საავადმყოფო დაბომბეს, არიან დაჭრილები.

უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსული ძალების ძირითადი ძალისხმევა მიმართულია ქალაქ მარიუპოლის აღებაზე და „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორიაზე შეტევის გაგრძელებაზე.

ამასთან ვრცელდება ინფრომაცია, რომ რუსეთმა „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფ უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრა კიდევ ერთხელ შესთავაზა. 

რუსეთის თავდაცვის კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, გენერალ-პოლკოვნიკ მიხაილ მიზინცევის განცხადებით, უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც 20 აპრილს, მოსკოვის დროით 14:00 საათიდან დანებების წინადადებას მიიღებენ, სიცოცხლის, უსაფრთხოების და სამედიცინო დახმარების გარანტია ექნებათ.

არსებული ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ქარხანაში მყოფი სამხედროები რუსეთის წინადადებას არ იღებენ და დანებებაზე უარს აცხადებენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში