მივაღწიეთ შეთანხმებას მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნაზე - ვერენშჩუკი

20 აპრილი 2022, 11:24 1145 ნახვა

უკრაინამ რუსეთთან მიაღწია შეთანხმებას მარიუპოლიდან ქალების, ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციის მიზნით ჰუმანიტარული დერეფნის შექმნასთან დაკავშირებით. ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის ვიცე-პრემიერ მინისტრზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, 20 აპრილს, დღის მეორე ნახევარში, უნდა გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანი მარიუპოლიდან მანგუშისა და ბერდიანსკის გავლით ზაპოროჟიეში ბავშვების, ქალებისა და მოხუცებისათვის.

"მარიუპოლში შექმნილი კატასტროფული ჰუმანიტარული ვითარების გათვალისწინებით, სწორედ ამ მიმართულებით გავამახვილებთ დღეს ჩვენს ძალისხმევას.

ჩვენ შევძელით წინასწარ შეთანხმება ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის"- განაცხადა ვიცე-პრემიერმა.

მისივე თქმით, უსაფრთხოების რთული მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა ცვლილებები მოხდეს დერეფანში.

"ჩვენ ყველა ღონეს ვიხმართ იმისთვის, რომ ყველაფერი ისე განხორციელდეს, როგორც შეთანხმებულია“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.

არსებული ინფორმაციით, უკრაინაში სამი დღეა ჰუმანიტარული დერეფნები არ არის და მარიუპოლიდან, სადაც ათასობით ადამიანია ჩარჩენილი მოსახლეობის გამოყვანა ვერ ხერხდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში