საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელ სენატორებს შეხვდა

22 აპრილი 2022, 12:23 842 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამერიკელი სენატორებისა და კონგრესმენების დელეგაციას შეხვდა, რომელიც საქართველოში სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, სენატორ ქრის ქუნსის ხელმძღვანელობით იმყოფება. 

''შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის მტკიცე სტრატეგიულ პარტნიორობაზე, რომელიც საერთო ღირებულებებსა და ინტერესებს ეფუძნება. აღინიშნა, რომ დელეგაციის ვიზიტი არის აშშ-ის, როგორც საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის ძლიერი მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტური. ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობის როლს ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების, თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებისა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის კუთხით.

პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს დაუდასტურა მზადყოფნა მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რათა კიდევ უფრო გაძლიერდეს პარტნიორობა, როგორც თავდაცვის სფეროში, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო მიმართულებით. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო იყო და რჩება შეერთებული შტატების მტკიცე და საიმედო პარტნიორად რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებსა და ომის გავლენას რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. აღინიშნა საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ძალისხმევის როლი ომის რაც შეიძლება მალე დასრულებაში. ყურადღება დაეთმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად გადადგა, როგორც პოლიტიკური, ისე - ჰუმანიტარული მიმართულებით, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატებში უკრაინასთან დაკავშირებული რეზოლუციების მხარდაჭერისა და თანასპონსორობის სახით. პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში 500 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი გაიგზავნა და ეს პროცესი გრძელდება.

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა აშშ-ის კონგრესის ორპარტიულ მხარდაჭერაზე საქართველოსადმი, რისთვისაც პრემიერ-მინისტრმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა.

დელეგაციის წევრებმა ირაკლი ღარიბაშვილს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი აშშ-ის კონგრესის ურყევი მხარდაჭერა დაუდასტურეს.

ინფორმაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში