ჩვენ კვლავ ველით დიპლომატიურ გადაწყვეტას - ვლადიმერ პუტინი

26 აპრილი 2022, 23:56 1640 ნახვა

ჩვენ ჯერ კიდევ ველით და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას დიპლომატიური გზით, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ მდივანთან, ანტონიო გუტერეშთან შეხვედრაზე განაცხადა.

რუსეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სტამბოლში გამართულმა რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებებმა "გარღვევა" მოახდინა, თუმცა უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სისასტიკის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, ის ჩავარდა. ასევე აღნიშნა, რომ ბუჩაში მომხდარი იყო "პროვოკაცია" და "რუსეთის არმიას ამასთან საერთო არაფერი აქვს".

ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია,  რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვით, მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას დათანხმდა.

"დღეს გენერალური მდივანი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვდა. პირისპირ შეხვედრის დროს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა გაეროს პოზიცია უკრაინის მიმართ. მხარეებმა განიხილეს წინადადებები ჰუმანიტარული დახმარებისა და კონფლიქტის ზონებიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის შესახებ, კერძოდ მარიუპოლში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. პრეზიდენტი პრინციპში დათანხმდა გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართულობას მარიუპოლში „აზოვსტალის“ ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციაში. შემდგომი დისკუსიები გაიმართება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან“, - ნათქვამია გაეროს გენერალური მდივნის პრესსამსახურის განცხადებაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში