მიხეილ სააკაშვილი სუსტად გრძნობს თავს, ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია, აქვს ცილოვანი შიმშილი - ნევროლოგი

27 აპრილი 2022, 16:34 848 ნახვა

სახალხო დამცველის მიერ შექმნილ მედიკოსთა ჯგუფის წევრის, ნევროლოგ თენგიზ წულაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უარს ამბობს ცილოვანი საკვების მიღებაზე, რასაც მოსდევს ცილოვანი შიმშილი.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი სუსტად გრძნობს თავს და ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია.

მისივე განცხადებით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება, იყოს რეზისტენტული პოსტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება.

„22-ში ვიყავი პენიტენციურ დაწესებულებაში, მოვინახულეთ მიხეილ სააკაშვილი. რაც ვნახეთ, უფრო სუსტად გამოიყურება. გავეცანით ისტორიის მონაცემებს, ვნახეთ გარკვეული დარღვევები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პაციენტს უარყოფითი კატაბოლური მდგომარეობა აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმი ინელებს საკუთარ თავს, ანუ, იმ ცილებს, რომელიც მას არ მიეწოდება გარედან, ორგანოების დაშლისა და კუნთების დაშლის საშუალებით იღებს. შესაბამისად, კუნთოვანი მასა მკვეთრად მცირდება ამ დროს და მდგომარეობა ამიტომაა გაუარესებული.

ჩვენი აზრით, ამ მდგომარეობის მიზეზი შეიძლება, იყოს რეზისტენტული პოსტრავმული სტრესული აშლილობა, დეპრესია, რამაც მოგვცა საბოლოოდ ანორექსია, მადის დაქვეითება. ამჟამად ის იღებს თავისი რეგულარულად მოხმარებადი ნორმის კალორიის დაახლოებით ერთი მეოთხედიდან ერთ მესამედამდე. ანუ, დღეში 600-800 კალორიას, რომელშიც პრაქტიკულად ცილა არ შედის და ცილოვანი შიმშილის ფონზე კუნთის მასა მკვეთრად შემცირებულია. ასევე, გამოხატულია წნევის ვარდნა წამოდგომისას, რასაც გონების დაკარგვის წინარე მდგომარეობა მოჰყვება ხოლმე და შესაძლებელეია და მოსალოდნელიცაა, გონების დაკარგვაც მოჰყვეს ამ ამბავს. აღნიშნული სიტუაცია აყალიბებს ერთგვარ მანკიერ წრესაც, რომ მდგომარეობა გაუარესებულია და გაუარესებული მდგომარეობა კიდევ უფრო აუარესებს ფსიქოლოგიურ სტატუსს.

 

ცილოვანი შიმშილი ნიშნავს, რომ ადამიანმა ცილოვანი საკვები უნდა მიიღოს, ესაა მისი მკურნალობა, რატომ არ იღებს ის ცილოვან საკვებს – ამბობს, რომ პოსტრავმული სტრესული აშლილობის გამო არ იღებს ცილოვან საკვებს, ეს მისი სიტყვებია, და არ შეუძლია პოსტრავმული სტრესული აშლილობის და ნეოროფსიქოლოგიური რეაბილიტაცია მიიღოს იმ სიტუაციაში  იმ ხალხისგან, ვინაც ეს პრობლემა გამოიწვია მასთან. ეს ქმნის შემდეგ მანკიერ წრეს“, – განაცხადა თენგიზ წულაძემ.

მისივე განმარტებით, სააკაშვილს ციხეში უტარდება ძირითადი მედიკამენტური მკურნალობა, სამედიცინო კონსულტაციები, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს გარემო საკმარისი არაა, რათა სრულად ჩატარდეს ნეიროფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია.

წულაძის განცხადებით, საქართველოში მისი მკურნალობა შეიძლება შესაძლებელია, მაგრამ იმ გარემოში არის ძალიან რთული განსახორციელებელი.

კითხვაზე  მთავარი რეკომენდაცია არის მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, – თენგიზ წულაძე პასუხობს, რომ ის ფაქტის კონსტატაციას აკეთებს.

„არა, მაგის რეკომენდაცია როგორ შემიძლია, მე გავცე, მე ვაკეთებ ფაქტის კონსტატაციას. ადამიანს აქვს ცილოვანი შიმშილი, ხოლო როგორ უნდა გადაწყდეს, ეს ჩემი გადასაწყვეტი დასკვნა არ არის. სახელმწიფოა პასუხისმგებელი მის ჯანმრთელობაზე“, – აღნიშნა თენგიზ წულაძემ.

როგორც სახალხო დამცველმა ბრიფინგზე განაცხადა, მისი რეკომენდაციაა შედგეს ექიმების ჯგუფი, რომლებიც იმსჯელებენ როგორ, სად და რა ფორმით არის უმჯობესი და საჭირო მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა და შესაბამისად უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული.

ამასთან, ლომჯარიას განცხადებით, თუ სახელმწიფო მის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს არ შეასრულებს, ეს გაუტოლდება არაადამიანურ მოპყრობას და სახეზე გვექნება ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში