კიევში ორი აფეთქება მოხდა

28 აპრილი 2022, 22:01 1019 ნახვა

უკრაინის დედაქალაქ კიევში ორი ძლიერი აფეთქება მოხდა, - ინფორმაცია ამის შესახებ თავდაპირველად "Reuters"- მა გაავრცელა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, კიევზე სარაკეტო დარტყმა გაეროს გენერალური მდივნის ანტონიო გუტიერეშის ვიზიტის დროს განხორციელდა.

"სარაკეტო დარტყმები კიევის ცენტრში ანტონიო გუტიერეშის ოფიციალური ვიზიტის დროს მოხდა. 1 დღის წინ ის კრემლში გრძელ მაგიდასთან იჯდა, დღეს კი მის თავზე აფეთქებები მოხდა. მისალოცი ბარათი მოსკოვისგან? გაიხსენეთ, რატომ იკავებს რუსეთი ამ დრომდე ადგილს გაეროს უსაფრთხოების საბჭოში?", - წერს პოდოლიაკი "ტვიტერზე".

ინფორმაცია კიევის მერმა ვიტალი კლიჩკომაც დაადასტურა. მისივე განმარტებით, აფეთქებები შევჩენკოს რაიონში მოხდა. 

"ერთი რაკეტა ობიექტს მოხვდა, ხოლო მეორე საცხოვრებელი სექტორის პირველ სართულებს",დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება", - აცხადებს კლიჩკო.

დედაქალაქში 18:22 საათზე საჰაერო განგაში ჩაირთო. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს გარეთ გასვლისგან თავი შეიკავონ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში