უკრაინის ელჩის გაწვევა დაკავშირებულია შიდა პოლიტიკასთან და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის უკრაინელ ლიდერთან კავშირებთან - პრეზიდენტი

29 აპრილი 2022, 10:37 1124 ნახვა

ვფიქრობ, საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა დაკავშირებულია შიდა პოლიტიკასთან საქართველოში და ზოგიერთი ქართული ოპოზიციური პარტიის კავშირებთან ზოგიერთ უკრაინელ ლიდერთან. არ მსურს ვინმეს მხილება - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა გამოცემა Foreign Policy-სთან ინტერვიუში.

"ახლა ჩვენი უკრაინელებთან ურთიერთობა უნდა იყოს, რაც შეიძლება ახლო. ყველაფერი, რაც რაიმე სახის უთანხმოებას აჩვენებს, და ეს ვუთხარი უკრაინელ ლიდერებს, ელჩის გაწვევასთან დაკავშირებით, წყალს სახამს რუსეთის წისქვილზე. ამიტომ არ მიყვარს ამ საკითხის განხილვა, მაგრამ ცხადია, რომ საქართველოში არიან ოპოზიციის ლიდერები, სააკაშვილთან დაახლოებულები. სააკაშვილი კი უკრაინაში იმყოფებოდა და მეგობრები ჰყავს, ის ცდილობს საქართველო და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვას, რისი დროც ახლა, ჩემი აზრით, არ არის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ზურაბიშვილი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ფონზე, საქართველოს სურს მეტი დახმარება დასავლეთისაგან, მათ შორის უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში.

ის ასევე საუბრობს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებზე და ამბობს, რომ საქართველო ყველა ასეთ სანქციებს მიერთებულია.

„საქართველო ყველა საერთაშორისო სანქციის მონაწილეა, ყველა ფინანსური სანქციის. საქართველოს ფინანსური ხელისუფლება და ბანკები ამ სანქციებს ზედმეტადაც კი ემორჩილებიან, რადგან ძალიან ეშინიათ სხვებს ჩამორჩნენ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს საქართველოს ძვირი უჯდება. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, საქართველოს ბევრის გაკეთება არ შეუძლია. ჩვენ რუსეთიდან და უკრაინიდან ხორბლის იმპორტს ვახორციელებდით. ჩვენ 90%-ით ვართ დამოკიდებულები. ახლა არის გადახდის პრობლემა, თუ არ გადავიხდით, იმპორტს ვეღარ განვახორციელებთ. ასევე არის გარკვეული ვაჭრობა რუსეთსა და საქართველოს შორის, მაგალითად ხილით ვაჭრობა, რაც არ არის სანქცირებული საქონელი. ასე რომ, ვფიქრობ, სანქციებთან დაკავშირებით ადგილი ჰქონდა გაუგებრობას, იმის ახსნის დროს, თუ რა სანქციებს უერთდება საქართველო და რომელს არ უერთდება“, -ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში