ვითარება უკრაინაში

29 აპრილი 2022, 18:17 1196 ნახვა

რუსული სამხედრო ვერტმფრენიდან უმართავი რაკეტებით დაიბომბა სუმის რეგიონში - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ukrinform ავრცელებს. დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მარიუპოლში, აზოვის მებრძოლებმა რუსი აგრესორების სრულმასშტაბიანი შეტევის დაწყებიდან, დადასტურებული ინფორმაციით, 1157 რუსი სამხედრო გაანადგურეს და დააზიანეს დიდი ოდენობით რუსული ტექნიკა - ამის შესახებ უკრაინული მედია ტელეგრამ არხზე წერს და მარიუპოლისთვის ბრძოლის ქრონიკასაც აქვეყნებს.  ამასთან უკრაინელი ჟურნალისტი ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში, დასახლება რუსკა ლოზოვაია ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს, აღნიშნული ტერიტორია სტრატეგიულად მნიშვნელოვანია. ჟურნალისტის თქმით, სწორედ ამ სოფლიდან შეუტიეს რუსებმა ხარკოვს. რაც შეეხება სამხედრო დახმარებას, უკრაინის საჰაერო ძალებმა პარტნიორი ქვეყნებისგან S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი მიიღო. აღნიშნული საჰაერო თავდაცვის სისტემამ მნიშვნელოვნად გააძლიერა საჰაერო თავდაცვა სამხრეთ რეგიონში - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების „სამხრეთის“ სარდლობი განცხადებაში. ცნობილია, რომ S-300  შეუძლია ჩამოაგდოს თვითმფრინავები, ფრთოსანი და ბალისტიკური რაკეტები 150-მდე კილომეტრის დისტანციაზე. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებდა, რომ მოსკოვი უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის სისტემის S-300 გადაცემის ფაქტს არ დაუშვებდა. „უკრაინას შეუძლია გამარჯვება და ის აუცილებლად გაიმარჯვებს“ - უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში  აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში ვიქტორია ნულანდმა განაცხადა. მისი თქმით, უკრაინელების მიერ კიევის რეგიონის გათავისუფლების შემდეგ ომის ხასიათი შეიცვალა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში