ვითარება უკრაინაში

30 აპრილი 2022, 17:43 1130 ნახვა

კიევის ოლქის ბუჩის რაიონში 3 ადამიანის საფლავი აღმოაჩინეს. ოლქის პოლიციის უფროსის ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით, გარდაცვლილებს დიდი ხნის განმავლობაში აწამებდნენ, ტანსაცმელი სისხლიანი იყო. მსხვერპლებს ხელები ჰქონდათ შეკრული, სახეზე კი ქსოვილი შემოხვეული, ზოგიერთ კაცს პირში ჩვარი ჰქონდა ჩატენილი. რაც შეეხება მარიუპოლს, აქ ვითარება კვლავ უკიდურესად მძიმეა, აზოვსტალის ტერიტორიაზე 1000-მდე მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფება, მათ შორის ყველაზე უმცროსი 4 თვის ბავშვია. ევაკუაციის პროცესი ისევ ჩაიშალა. მოქალაქეები დახმარების თხოვნით მსოფლიო ლიდერებს მიმართავენ, მათ შორის თურქეთის პრეზიდენტს რეჯეპ ტაიპ ერდოღანს. აქვე, აღწერენ იმ უმძიმეს ვითარებას, რომელშიც, 2 თვეზე მეტია იმყოფებიან.იტალიურ მედიაზე დაყრდნობით, რომის პაპმა პუტინს მარიუპოლში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნა 3-ჯერ თხოვა, ყველა შეთავაზებაზე პუტინმა უარი განაცხადა. ამასთან, მედიის ცნობით რომის პაპს მარიუპოლში სანდო კარდინალის გაგზავნა და მშვიდობიანი მოქალაქეების გამოყვანა, ვატიკანის დროშით სურდა, მაგრამ ახლა ვატიკანი აზოვსტალიდან ხალხის ევაკუაციის შემდგომი მცდელობების მიმართ პესიმისტურად არის განწყობილი. ოკუპანტებმა ხარკოვში საავადმყოფოს შენობა და საცხოვრებელი კორპუსები დაბომბეს, ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაავრცელა. ამასთან გუბერნატორის ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით გვიან ღამით აფეთქებების ხმა ისმოდა ხარკოვში. დაშავებულია 1 ადამიანი. ცხელ წერტილად რჩება იზიუმი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში