ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა - პრემიერი

02 მაისი 2022, 11:23 1225 ნახვა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობამ კონკურენციის სააგენტოს მიმართა, დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა.

„წინა პარასკევს მე დავავალე ეკონომიკურ გუნდს და შემდეგ კონკურენციის სააგენტოსთან შეხვედრა გვქონდა. ჩვენ საწვავის ფასებთან დაკავშირებით ვიმსჯელეთ. ჩვენი ინფორმაცია არის შემდეგი, რომ ძალიან ბევრმა იმპორტიორმა დაიწყო შედარებით იაფიანი საწვავის შემოტანა საქართველოში, თუმცა ეს ჯერ ფასებზე არ ასახულა.

ამიტომ, ჩვენ მივმართეთ კონკურენციის სააგენტოს, რომ დეტალურად შეისწავლოს საწვავის ფასები და 15 მაისამდე წარმოადგინოს შუალედური დასკვნა. ამის შემდეგ, მთავრობას ექნება საშუალება, რომ შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ჩვენ წინასწარ არაფერს ვამტკიცებთ, არსებობს გარკვეული ინფორმაციებიც, ხომ არ არის მაგალითად, რაიმე მოლაპარაკება ფასებთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად საჭიროა, რომ დაიდოს მონიტორინგის ანგარიში. ამის შემდეგ გავაკეთებთ უკვე შესაბამის დასკვნებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

 ლაშა ხუციშვილის განცხადებით, კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის წარდგენამდე საწვავის ფასთან დაკავშირებით ვერანაირ ეჭვზე ვერ ისაუბრებს.

„კონკურენციის სააგენტო 15 მაისამდე წარმოადგენს შესაბამის დოკუმენტს, სადაც იქნება გაანალიზებული ბაზარზე არსებული მდგომარეობა და ამის შემდგომ იქნება გადაწყვეტილებები მიღებული.

ამ შემთხვევაში ეჭვზე საუბარი არაა. ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე კონკურენციის სააგენტო წარადგენს ანგარიშს და ამ ანგარიშის საფუძველზე შეიძლება ვიმსჯელოთ არის თუ არა ეჭვი რაიმე მიმართულებით, შესაბამისად, სანამ ანგარიში არ იქნება ხელმისაწვდომი, ამ მიმართულებით დამატებით განცხადებას ვერ გავაკეთებთ და უფრო მეტ კონკრეტიკას ვერ შემოვიტანთ. დაველოდოთ ანგარიშის წარდგენას"- განაცხადა ხუციშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში