რუსული ფეხბურთი ევროტურნირებიდან მოკვეთეს

03 მაისი 2022, 11:07 1478 ნახვა

რუსული კლუბები ვერ მიიღებენ მონაწილეობას 2022-23 წლების სეზონის ევროტურნირებში, - ამის შესახებ  უეფა-ს პრესსამსახური იტყობინება. ტურნირების სიაში მოხვდა ჩემპიონთა ლიგა, ევროპის ლიგა, კონფერენციის ლიგა, ქალებს შორის ჩემპიონთა ლიგა და იუნიორთა ჩემპიონთა ლიგა.

გარდა ამისა, უეფა-მ უარყო რუსეთის განაცხადი ევროპის 2028 და 2032 ჩემპიონატების მასპინძლობაზე. ევრო 2028-ის ორგანიზებაზე პრეტენზიას აცხადებენ დიდი ბრიტანეთი/ირლანდია და თურქეთი. ევრო 2032-ზე უეფაში თურქეთისა და იტალიის ერთობლივი განაცხადია შესული. და კიდევ, რუსეთის ახალგაზრდული ნაკრები ვერ მიიღებს მონაწილეობას ევრო 2023-ში, რომელიც საქართველოსა და რუმინეთში უნდა გაიმართოს.

ორშაბათს გაიმართა უეფა-ს აღმასკომის სხდომა, რომელზეც მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება - რუსეთის ნაკრები ვერ ითამაშებს 2022-23 წლების ერთა ლიგის გათამაშებაში.

გარდა ამისა, რუსეთის ქალთა ნაკრები არ დაუშვეს ევროპის 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელიც ივლისში ინგლისში გაიმართება. რუსებს პორტუგალიის ნაკრები შეცვლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში