ვგმობთ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს - საგარეო უწყება

09 მაისი 2022, 11:45 805 ნახვა

საქართველოს საგარეო სამინისტრო გმობს 8 მაისს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს.

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადების თანახმად, მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს და უხეშად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

„რუსეთის ოკუპაციისა და ადგილზე ეფექტური კონტროლის პირობებში, ვერავითარ არჩევნებს ვერ ექნება რაიმე სამართლებრივი შედეგი, როდესაც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან ქართველთა ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი ასობით ათასი ლტოლვილი და იძულებით გადაადგილებული პირი ჯერ კიდევ მოკლებულია საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესაძლებლობას, ხოლო ადგილზე მცხოვრები ადამიანების ფუნდამენტური უფლებები და თავისუფლებები უხეშად ირღვევა. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე რუსეთის ეფექტური კონტროლი და მისი პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებების დარღვევებზე მკაფიოდაა დადასტურებული ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, პატივი სცეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ სათანადოდ შეაფასოს და ქმედითი რეაგირება მოახდინოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართულ მორიგ უკანონო ქმედებაზე“,- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალან გაგლოევი ლიდერობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში