საქართველოში ხორბლის მარაგი იწურება, თითქმის ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა - ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

13 მაისი 2022, 15:16 1359 ნახვა

„საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის, ლევან სილაგავას განცხადებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგი ამოწურულია. 

ასოციაციაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა.

მათივე განცხადებით, ფქვილის იმპორტმა მთლიანად ჩაანაცვლა ხორბლის იმპორტი. ქვეყანა სრულად გადავიდა ფქვილის იმპორტზე, რომელიც ხორბლის შემოტანისგან განსხვავებით არ არის სისტემურად ჩამოყალიბებული და ვერ ქმნის სავაჭრო პარტიებს, რაც არ იძლევა პროგნოზირებადი მარაგების არსებობის საშუალებას.

განმარტავენ, რომ პრობლემის არსი არის არსებული მდგომარეობა, როდესაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტს შორის დღეს არსებობს შექმნილი არასამართლიანი კონკურენცია, რომლის გამოსწორებაც დააბრუნებდა ბაზრის სტაბილურობას და გადაწყვეტდა ორივე საკითხს.

ასოციაცია პრემიერთან შეხვედრას ითხოვს და მას წერილით მიმართავს, რათა შედგეს პრობლემისა და გადაწყვეტის გზებზე საუბარი.

"დღეს საქართველოში ყველა წისქვილკომბინატი გაჩერდა.

მოგეხსენებათ მსოფლიოში და რეგიონში ხორბლის ბაზარზე არაპროგნოზირებადი და ურთულესი ვითარებაა. ამის შესახებ, ბოლო პერიოდში, ერთმანეთის მიყოლებით განცხადებებს აკეთებენ გაეროს გენერალური მდივანი, ევროკავშირის კომისარი, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, საფრანგეთის პრემიერ მინისტრი, მსოფლიო ბანკი, მსოფლიო სასურსათო ორგანიზაციები და აღნიშნავენ, რომ მსოფლიო დგას სასურსათო, კერძოდ კი ხორბლის კრიზისის წინაშე, რაშიც სულ უფრო აქტიური ფაქტორი ხდება რუსეთ-უკრაინის ომი (მსოფლიო ხორბლის მიწოდების 30%).

მსოფლიო ქვეყნები სასწრაფოდ ზრდიან ხორბლის გარდამავალი მარაგების პარამეტრებს, რომელიც გაეროს რეკომენდაციით მოხმარების 2 თვიან მარაგს წარმოადგენს ხორბლად (ხაზს უსვამთ ხორბლად და არა ფქვილად) და უმაღლეს რანგში აყავთ ფიზიკურად ქვეყანაში ხორბლის მარაგების არსებობა(ხორბლის და არა ფქვილის).

იგივეს აკეთებენ დაჩქარებული ტემპებით ჩვენი უშუალო მეზობლები -აზერბაიჯანი, სომხეთი და თურქეთი.

მოგეხსენებათ ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია'' თვეების განმავლობაში მუშაობს ეკონომიკური ბლოკის (ფინანსთა, ეკონომიკის და სოფლის მეურნეობის სამინისტროები) მაღალი რანგის სამუშაო ჯგუფში, მინისტრის მოადგილეების და დეპარტამენტის თავჯდომარეების დონეზე პრობლემის გადასაწყვეტად. ერთის მხრივ პურის ფასის შენარჩუნების და მეორე მხრივ წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის მექანიზმზე. თუმცა, ამ შეხვედრებმა შედეგი არ მოიტანა.

პრობლემის არსი არის არსებული მდგომარეობა, როდესაც ფქვილისა და ხორბლის იმპორტს შორის დღეს არსებობს შექმნილი არასამართლიანი კონკურენცია, რომლის გამოსწორებაც დააბრუნებდა ბაზრის სტაბილურობას და გადაწყვეტდა ორივე საკითხს.

ჩვენს მიერ წარდგენილი იყო სხვადასხვა ვარიანტები, რომლებიც ჩვენი ღრმა რწმენით მისაღებია, როგორც სახელმწიფოსთვის, ასევე ხორბლის გადამამუშავებელ და პურის მწარმოებელი ინდუსტრიებისათვის და მოსახლეობისათვის. მიუხედავად იმისა, რომ თვით სამუშაო ჯგუფში ჩვენ წინადადებას მომხრეებიც ყავდა, არავითარი საბოლოო გადაწყვეტილება ამ მხრივ არ იქნა მიღებული.

შედეგად მივიღეთ :

-ფქვილის იმპორტმა მთლიანად ჩაანაცვლა ხორბლის იმპორტი (გაზრდილია 11-ჯერ წინა წელთან შედარებით);

 

- პურის ფასის გაძვირება მაინც ვერ შეჩერდა და ფასი გაიზარდა;

ამ ფონზე სამწუხაროდ დაფიქსირდა საქართველოს მარცვალგადამამუშავებელი ინდუსტრიის (წისქვილები) თითქმის სრულად გაჩერება, გამომდინარე შესაბამისი შედეგებით.

კერძოდ :

-საქართველოს არც ერთი წისქვილკომბინატი არ მუშაობს;

- ქვეყანა სრულად გადავიდა ფქვილის იმპორტზე, რომელიც ხორბლის შემოტანისგან განსხვავებით არ არის სისტემურად ჩამოყალიბებული და ვერ ქმნის სავაჭრო პარტიებს, რაც არ იძლევა პროგნოზირებადი მარაგების არსებობის საშუალებას.

ბატონო ირაკლი !

დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე საკითხი მოითხოვს თქვენს, როგორც მთავრობის მეთაურის, უშუალოდ ჩარევას და ამისთვის ვითხოვთ ასოციაციის სასწრაფოდ თქვენთან შეხვედრას, რათა უშუალოდ მოგახსენოთ პრობლემის და გადაწყვეტის გზების შესახებ, რადგან ეკონომიკური ბლოკის სამუშაო ფორმატმა თავისი თავი ისე ამოწურა, სამინისტროების სხვადასხვა პოზიციების გამო (ნაწილი იზიარებს ჩვენ პოზიციას ნაწილი არა ), რომ ვერავითარი გადაწყვეტილება ვერ მიიღო.

,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას'' მდგომარეობის სწრაფად გამოსწორების რამდენიმე ვარიანტი გაგვაჩნია, რომლებიც უშუალოდ გვინდა პირადად გაგაცნოთ. ვფიქრობთ, რომ ეს შეთავაზებები არის ყველასათვის მისაღები და წარმოქმნილი პრობლემის ყველაზე უმტკივნეულო გადაწყვეტის გზა, ვინაიდან მასში გათვალისწინებულია, როგორც ბიზნეს-სუბიექტების ინტერესები, ასევე სახელმწიფო სტრატეგიული ინტერესები, მოსახლეობის ინტერესებთან ერთად.

ჩვენი შეთავაზებები გვაძლევს შემდეგ დადებით ეფექტებს:

1. ერთის მხრივ სახელმწიფო არ იხარჯება საბიუჯეტო თანხები სუბსიდირებისათვის, არამედ პირიქით ივსება ბიუჯეტი, ასევე ადგილობრივი წისქვილკომბინატების მუშაობის შედეგად გადახდილი გადასახადებით;

2. წისქვილკომბინატებს ეძლევათ მუშაობის საშუალება კონკურენტულ გარემოში;

3. სტაბილური ხდება ე. წ. სოციალური პურის ფასი, არ არის საჭირო არავითარი სუბსიდირების პროგრამა;

4. იხსნება დღის წესრიგიდან არსებული ქატოს დეფიციტი და სტაბილურდება ფასი;

6. ნარჩუნდება სამუშაო ადგილები;

7. უზრუნველყოფილია ხორბლის მომავალი ადგილობრივი მოსავლის ჩაბარება წისქვილკომბინატების მიერ;

8. უზრუნველყოფილია სასურსათო უსაფრთხოება, აღდგება ხორბლის 2 თვიანი გარდამავალი მარაგები.

ვინაიდან ჩვენ სრული პასუხისმგებლობით ვეკიდებით ამ მდგომარეობას და გვაქვს სურვილი, მაქსიმალურად სწრაფად, ხელი შევუწყოთ პურის სტაბილურ ფასს, ასევე ქვეყანაში ხორბლის გარდამავალი მარაგების აღდგენას, რომელიც დღევანდელ დღეს კრიტიკულად აუცილებელია სასურსათო უსაფრთხოებისათვის.

კიდევ ერთხელ გამოვთქვამთ იმედს, რომ პირადად თქვენთან ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციას'' შეხვედრა გაიმართება უახლოეს დროში" - წერია მიმართვაში, რომელსაც ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია'' ავრცელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში