დაპირისპირება მშვილდოსნობის ფედერაციაში

14 მაისი 2022, 16:55 1063 ნახვა

5 მარტს,  მშვილდოსნობის  ეროვნულ ფედერაციაში ჩატარებულ არჩევნებზე დაწყებული დაპირისპირება დღეს  ჩემპიონატზე გაგრძელდა.   ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ირწმუნება, რომ დღეს ჩემპიონატზე მას  სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა გურამ ბასილაძემ, რომელიც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელია.

ხათუნა ნარიმანიძე ამბობს, რომ იგი ცდილობდა  აჭარის მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტ ბადრი ვარშანიძესა და გურამ ბასილაძეს შორის  კონფლიქტის  განმუხტვას, რა დროსაც მას შეურაცხყოფა მიაყენეს.

თავის მხრივ  გურამ ბასილაძე აცხადებს, რომ მას ავიწროვებენ, იმის გამო, რომ ფედერაციის ზოგიერთი წევრი მიიჩნევს, რომ ორგანიზაციის ხელმძღვანელის ასარჩევად ჩატარებულ არჩევნებზე ბადრი ვარშანიძეს გამარჯვებისთვის ხმა დააკლდა, რაშიც სწორედ მას დებენ ბრალს. გურამ ბასილაძე ჰყვება, რომ სწორედ ხათუნა ნარიმანიძის კანდიდატი იყო ბადრი ვარშანიძე.

არჩევნებში სიმონ  ნოზაძემ გაიმარჯვა, რომელიც ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებს.

აღსანიშნავია, რომ ფედერაციაში არსებული დაპირისპირების გამო 8 მაისს ჩანიშნული აჭარის ჩემპიონატი ჩაიშალა.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში