ბათუმის ''დინამომ'' თბილისის ''ლოკომოტივს'' 7-2 მოუგო

17 მაისი 2022, 23:04 2030 ნახვა

მოქმედმა ჩემპიონმა ბათუმის "დინამომ" საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მე-14 ტურის შეხვედრაში გათამაშების აუტსაიდერ თბილისის "ლოკომოტივს" უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 7-2 დაამარცხა.

მე-14 წუთზე ჯიღაურის გადაცემის შემდეგ ბურთი ზურიკო დავითაშვილმა მიიღო, მეტოქის საჯარიმოში რამდენიმე ცრუმოძრაობა გააკეთა და ანგარიში გახსნა. მალევე ‘’ლოკომ’’ გაიტანა და ანგარიში 1-1 გახდა.


23-ე წუთზე ჯიღაურმა ამჯერად თავი გოლით გამოიჩინა და "დინამო" ისევ წინ გავიდა.


31-ე წუთზე გოლის გატანა ხვიჩა კვარაცხელიამაც შეძლო და სხვაობა უფრო სოლიდური გახდა. 2 წუთში ჯიღაურმა დუბლის გაფორმება შეძლო და თბილისელთა ჩამორჩენა სამამდე გაიზარდა. 37-ე წუთზე კი, ომარაშვილმა პირველი ტაიმის საბოლოო ანგარიში 4-2 დააფიქსირა.


მეორე ნახევარი ისევ მასპინძლების შეტევებით წარიმართა.

48-ე წუთზე რადინის შორეული დარტყმის შემდეგ  ბურთი "ლოკოს" ფეხბურთელს მოხვდა და რევაზ თევდორაძის კარში შევარდა.


76-ე წუთზე კვარაცხელიას კარგი გადაცემის შემდეგ გოლი გაფრინდაშვილმა ეფექტური დარტყმით გაიტანა და ბათუმის "დინამო" 6-2 დაწინაურდა.


82-ე წუთზე დავითაშვილმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში 7-2 დააფიქსირა.

14 ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გია გეგუჩაძის გაწვრთნილ დინამოს 31 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. მეორე-მესამე ადგილებს კი 26-26 ქულით კი თბილისის "დინამო" და "სამგურალი" იკავებს.

21 მაისს მე-15 ტურში ბათუმის "დინამო" გასვლაზე თელავში ადგილობრივ კლუბს ესტუმრება.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში