წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნით, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილებას 3:40 საათი დასჭირდება - ირაკლი ქარსელაძე

25 მაისი 2022, 19:15 505 ნახვა

წელს დაგეგმილია სამტრედია-გრიგოლეთის პირველი და მეოთხე მონაკვეთების დასრულება. აღნიშნული გზა სავსე იყო გამოწვევებით. მიუხედავად ამისა, ჯამში 21 კმ გზა უკვე წელს დასრულდება, რაც ზესტაფონის არგვეთას კვანძიდან ლანჩხუთამდე 86 კმ-იანი ჩქაროსნული მაგისტრალური გზით გადაადგილების საშუალებას მოგვცემს, - ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

როგორც ირაკლი ქარსელაძემ განმარტა,  სამტრედია-გრიგოლეთის გზის პირველ და მეოთხე მონაკვეთებზე ქართული კომპანიები მუშაობენ, მესამე მონაკვეთის ასაშენებლად კი სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.

მისივე თქმით, ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს გრიგოლეთი-ქობულეთის 14 კმ-იან მონაკვეთზე, საიდანაც წელს დაგეგმილია 11 კმ-ის, ხოლო 2023 წელს - დარჩენილი სამი კმ-ის დასრულება.

"შესაბამისად, 2022 წელს დაგეგმილი საგზაო მონაკვეთების გახსნის შედეგად, თბილისიდან ბათუმამდე გადაადგილების დრო კიდევ უფრო შემცირდება და მგზავრობას მხოლოდ სამ საათსა და 40 წუთს მოვანდომებთ“, – განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში