ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება - პრემიერი

27 მაისი 2022, 12:14 969 ნახვა

ყველა ხელოვნურად შექმნილ ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - “ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის" სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტს წარედგინება.

პრემიერი გამოდის ინიციატივით, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა, საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

„რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და ბატონი რატი ბრეგაძის ინიციატივით ეს ტარიფებიც რა თმა უნდა გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის“, - განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს ჰყავს დიასპორის არაერთი წარმატებული და ბრწყინვალე წარმომადგენელი და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ.

„ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ, ძალიან ბევრი პრობლემა აქვთ ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებს სხვადასხვა მიზეზების გამო. მე ვიცი, რომ ჩვენს მოქალაქეებს მოუწიათ საქართველოს ქვეყნის ფარგლებს გარეთ წასვლა, სამშობლოს დროებით დატოვება, მაგრამ მე და ჩვენ, ყველამ კარგად ვიცით, რომ თითოეული მათგანის გული არის სამშობლოსთან. წარმოუდგენელია, რომ ქართველ ადამიანს გული არ მიუწევდეს სამშობლოში დაბრუნებისკენ. ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრ მათგანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დაბრუნება საქართველოში, მაგრამ მათი მთავარი, საბოლოო მიზანი უნდა იყოს ჩვენს ქვეყანაში დაბრუნება. ჩვენ არაერთი, ათასობით, ასი ათასობით შეიძლება დიასპორის წარმატებული წარმომადგენელი გვყავს საქართველოს ფარგლებს გარეთ. არა მხოლოდ მე-20 საუკუნეში, არამედ უფრო შორეულ წარსულში რომ გადავიხედოთ, გვყავდა ძალიან წარმატებული, ბრწყინვალე წარმომადგენლები ჩვენი დიასპორისა, რომლებიც მართავდნენ და მე რამდენიმე გვარს ალბათ ვერ გამოვყოფდი, ვინაიდან ძალიან ბევრი იყო, ზოგიერთი აშშ-ში, ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, ჩვენს სამეზობლოში, ყველგან"- განაცხადა პრემიერმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში