პოზიტიური განწყობებია პარტნიორი ქვეყნებიდან, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალსა და ევროპულ პერსპექტივას - ილია დარჩიაშვილი

27 მაისი 2022, 13:22 745 ნახვა

ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს მოსახლეობის ცივილიზაციური არჩევანი, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ.

დარჩიაშვილის განცხადებით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი საქართველოს მთავრობის ისტორიული, ახალ გეოპოლიტიკურ გარემოში ერთადერთი ლოგიკური, სწორი და სამართლიანი ნაბიჯია.

მისივე თქმით, მოცემულ ეტაპზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან საქმე ეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, რომელსაც ერთხმად ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის მხარდაჭერა სჭირდება.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატობაზე გადაწყვეტილება მოითხოვს ევროკავშირის მზაობასაც, ორგანიზაციის კარი გაუღონ ახალ წევრებს.

"მინდა, დაგარწმუნოთ, ყველა ორმხრივ შეხვედრებში ჩვენს პარტნიორებთან, რაც მე გავმართე ბოლო ერთის თვის განმავლობაში, ყველგან არის ოპტიმიზმი, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს, ჩვენი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივას ჩვენი პარტნიორები ხედავენ ევროპულ ოჯახში საქართველოს. ამდენად, ეს კომპონენტი მნიშვნელოვანია, იმ გადაწყვეტილებების ფორმატში, რომელიც გაიმართება. გენერალური გადაწყვეტილება როდესაც იქნება, იქ ძალიან რთულია წინასწარ პროგნოზები. ჩემი მხრიდან ალბათ იქნება არასწორი კონკრეტული პოზიციონირება გავაკეთო ამ საკითხზე, თუმცა მინდა, დაგიდასტუროთ, რომ ნამდვილად პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. გარემო ძალიან რთულია, გართულებულია ზოგადად ევროპული პერსპექტივიდან რეგიონული უსაფრთხოება და ამიტომ ძალიან ბევრი საკითხი სხვა პრიზმიდან ჩანს ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან. უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას. მიმდინარეობს ჩვენს კითხვარზე შესაბამისი დოკუმენტის მომზადება, რომელიც ალბათ მალე იქნება, რომელიც გადაეგზავნება საბჭოს და უკვე დადგება დრო, როცა ჩვენი პარტნიორები მიიღებენ გადაწყვეტილებას ჩვენთან მიმართებაში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ილია დარჩიაშვილის განცხადებით, საქართველო აკმაყოფილებს შესაბამის აუცილებელ პარამეტრებს და მზად არის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღოს.

მისივე განმარტებით, საქართველო რეფორმების განხორციელების მხრივ არამხოლოდ უტოლდება, არამედ ბევრი მიმართულებით უსწრებს გაწევრიანების პროცესში მყოფ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს.


 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში